ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი- "ზნენი"
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
დავით თაბორიძე ∘
სამყაროს დუალისტური ბუნება: დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი დეტერმინიზმის ფარგლებში შეგვიძლია ვისაუბროთ რელიგიურ, მეცნიერულ, მეტაფიზიკურ დეტერმინისტულ სისტემებზე, რომლებიც ამ შეზღუდვებს ტრადიციული გაგებით არგებენ სპეციფიკურ სტრუქტურებს. მათზე რეფლექსია უძველესი და ხშირად განხილვადია პროვიდენციალიზმის ფარგლებში ღმერთის და ადამიანის თავისუფალი ნების თავსებადობის პრობლემის სახით. თუმცა ამ სტატიის მიზანი უპირველესად იქნება იმის მიმოხილვა, თუ რამ აიძულა მეცნიერული აზრი, მიეტოვებინა დეტერმინიზმის კლასიკური ხედვა (ბრწყინვალედ მანიფესტირებული ლაპლასის დემონში) და როგორ შეიძლება გავიგოთ სამყაროს დუალისტური ბუნება. უნდა დავიწყოთ დეტერმინიზმის უზოგადესი განმარტებით: ესაა ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყველა ქმედება, მომენტი, მოვლენა, პრინციპულად წინასწარ შემეცნებადია. სამყაროს ასეთი გაგება ხშირად აღქმულია ფუნდამენტურ განსხვავებად ფიზიკის კლასიკურ და კვანტურ თეორიებს შორის, ვინაიდან პირველი სრულებით დეტერმინისტულია, ხოლო კვანტურ მექანიკაში ისეთი მოვლენებიც არსებობს, რომელთაც შეიძლება უსასრულომდე ბევრი რეზულტატური მდგომარეობა ჰქონდეს (2,164). კლასიკურ ფიზიკაში სისტემის აღწერა ხდება კოორდინატების და იმპულსის გაზომვით, რითაც დგინდება ნაწილაკის მდებარეობა აბსოლუტური სიზუსტით. ასეთ სისტემაში დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუნქცია რაღაცნაირად იქცევა, რომ იგი ხასიათდება რაღაცით და ეს მახასიათებლობა არაა წინააღმდეგობრივი, არამედ მეტიც, იგი მუდმივად განმეორებადია. აღნიშნულიდან გამოდის, რომ შესამეცნებელ სამყაროს აქვს ჩაკეტილი ბუნება, რომელიც ფიზიკის ფუნდამენტური კანონებით პრინციპში ახსნადია, რადგან მათი კორესპონდენცია აქტუალურ სამყაროსთან განმეორებადია. ეს დაშვება ყველაზე უკეთ ჰიპოთეზირდა პიერ სიმონ ლაპლასის დემონში, რომელიც შთაგონებულია ნიუტონის მექანიკის დამაჯერებელი უნარით, ახსნას სხეულთა დინამიკა სისტემატიკურად. ნიუტონისვე გავლენით, თავის „ფილოსოფიურ ესეში ალბათობებზე“, იგი ქმნის უნე ინტელიგენსის კონცეპტს: „სამყაროს აწმყო მდგომარეობა შეგვიძლია გავიგოთ, როგორც წარსულის შედეგი და მომავლის მიზეზი. ისეთი გონება, რომელმაც გარკვეულ მომენტში იცის ყველა ის ძალა, რომელმაც მოიყვანა ბუნება მოძრაობაში, იცის ყველა ის ნივთი და მათი მდებარეობა, რომლისგანაც შედგება ბუნება, და თან თუ ეს გონება საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ ყველა ეს მონაცემი ანალიზს დაუქვემდებაროს, იგი შექმნიდა ერთადერთ ფორმულას, რომელიც თან მოიცავდა სამყაროს უდიდესი სხეულებიდან დაწყებული უმცირესი ატომებით დამთავრებული ყველაფრის მოძრაობას; ასეთი გონებისთვის არაფერი იქნებოდა გაურკვეველი, ხოლო მომავალი, ისევე, როგორც წარსული, მის თვალწინ აწმყოსავით იქნებოდა გადაშლილი“(Laplace: Essai philosophique sur les probabilities). ლაპლასის დემონის ფილოსოფიურ-დეტერმინისტული პრობლემა აქ ცხადია: შესაძლოა, ასეთი გონება არც არსებობდეს, მაგრამ იმის დაშვება, რომ მისი ასეთი ომნისციენტური უნარი შესაძლოა რაიმეს რეალურად მიეყენებოდეს, ნამდვილად მუშაობს, როგორც დეტერმინიზმის კონსტიტუცია. სხვა სიტყვებით, თუ de jure დავუშვებთ, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ სუპერგამომთვლელი გონება შეიმეცნებდეს მთელს სამყაროს სივრცე-დროის ყოველი მომენტის ჩათვლით, მაშინ, არ აქვს მნიშვნელობა, შეიმეცნებს ის თუ არა, ან იარსებებს ის თუ არა, სამყაროს ეს შემეცნების შესაძლებლობა მაინც დარჩება შესაძლებლობად, ხოლო სამყარო მაინც თეორიულად წინასწარვე შეცნობადი (და არა შეცნობილი) იქნება. ზედმეტი მგონია იმის აღნიშვნა, რომ ლაპლასის დემონის პროტოტიპები მრავლად არსებობდნენ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტექსტებში, თუმცა მათი ავტორები ემორჩილებოდნენ ტენდენციას, აეყვანათ ამგვარი დემონი ღვთაებრივ დონემდე. ლაპლასის უნე ინტელიგენსი prima facie აბსოლუტს უნდა გულისხმობდეს, თუმცა მისი გააზრების შემდგომ, პოპერის ინტერპრეტაციით, იგი არც მეტი, არც ნაკლები, მეცნიერია: „ვფიქრობ, შეგვიძლია უკეთ გამოვხატოთ ლაპლასის თვალსაზრისი, თუ ვიტყვით, რომ დემონის ძალა ადამიანისას მხოლოდ ხარისხით აღემატება; იგი უსაზღვროა მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც არ არსებობს არავითარი გარკვეული საზღვრები მეცნიერის ძალებისთვის“ (1, 50). ეს დასკვნა პოპერთან შემთხვევითი სულაც არაა. საჭიროდ ვთვლი, განვიხილო პოპერის ორი საკმაოდ რთული კონცეპტი - „მეცნიერული“ და Prima Facie დეტერმინიზმები: პირველი გულისხმობს დოქტრინას, „რომელიც ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი დახურული სისტემის მდგომარეობა მომავალი დროის ნებისმიერ მონაკვეთში სიზუსტის ნებისმიერი ხარისხით“ (1, 52). არსებობს ამ დეფინიციის უფრო მკაცრი ვერსიაც, რომელსაც პოპერი, იმისათვის, რომ ეს პოტენციურად შესაძლებელი გახდეს, წაუყენებს ორ მოთხოვნას: პირველ რიგში, მეცნიერი (დემონი) უნდა შემოიზღუდოს საწყისი მდგომარეობის სიზუსტის სასრული და არა აბსოლუტური ხარისხით ცოდნით; მეორე რიგში, იგი უნდა იაზრებდეს, რომ თვითონაც ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომლის აბსოლუტურ შემეცნებასაც აპირებს, ანუ შემმეცნებელი უნდა იმყოფებოდეს შესამეცნებლის ფარგლებში, რაც ნიშნავს დამკვირვებლის ზემოქმედებას დასაკვირვებელ ობიექტზე: „აზრი არა აქვს ვილაპარაკოთ ატომურ ობიექტზე, თუ არ მიუთითეთ ის ექსპერიმენტული სიტუაცია, ის გამზომი ხელსაწყო, რომელიც აკვირდება და ზომავს მას“ (3, 578) - ნილს ბორის ეს სიტყვები ნათლად მოწმობს კვანტური სისტემის დეტერმინიზმის შეუძლებლობას, რამდენადაც თუ ვამბობთ, რომ სისტემა რაღაცნაირად ხასიათდება, ჩვენ გვიწევს იმის აღიარებაც, რომ სისტემა რაღაცნაირად ხასიათდება აქ და ახლა, ექსპერიმენტის ამ კონკრეტულ პირობებში. ეს ორი მოთხოვნა „მეცნიერულ“ დეტერმინიზმს აახლოებს prima facie დეტერმინიზმთან, რომელიც „საშუალებას გვაძლევს თეორიის ტერმინებში აღწერილი დახურული ფიზიკური სისტემის საწყისი მდგომარეობის მათემატიკურად ზუსტი დესკრიპციებიდან სიზუსტის შეთანხმებული სასრული ხარისხით გამოვიყვანოთ მომავალში ამ სისტემის დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობის დესკრიპცია“ (1, 47). Prima facie დეტერმინიზმს არ აქვს პრეტენზია სამყაროს უნივერსალურ დეტერმინისტულ ახსნაზე, მაშინ, როდესაც ლაპლასისეული „მეცნიერული“ დეტერმინიზმი ზუსტად ამას გულისხმობს. პირველი სახის დეტერმინიზმს პოპერი მიაკუთვნებს ცალკეულ თეორიებს, მაგალითად, ნიუტონის მექანიკას, რომელიც თავისი აპლიკაციის არეალში მართლაც ჭეშმარიტია, თუმცა პოპერი აქ ხაზს უსვამს იმას, რომ prima facie დეტერმინიზმიდან არ შეიძლება აუცილებლობით გამოდიოდეს „მეცნიერული“ დეტერმინიზმი, რისიც ასე სჯეროდა ლაპლასს, კანტსა და სხვებს. სხვა სიტყვებით, ნიუტონის მექანიკა არ იძლევა საკმაო საფუძველს იმისათვის, რომ ავხსნათ მთლიანი სისტემა და არა მხოლოდ სისტემის ნაწილი: 1919 წლის ედინგტონის ცნობილი ექსპერიმენტიც, რომელმაც აჩვენა აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის უპირატესობა ნიუტონის კლასიკურ მექანიკასთან შედარებით, ამას მოწმობს. აზრი, რომ სისტემის ნაწილის დეტერმინისტულობა არ ნიშნავს სისტემის დეტერმინისტულობას, მარტივია და მარტივადვე მოეძებნება მხარდამჭერი არგუმენტებიც. ამ მხრივ შეგვიძლია ვისაურბოთ დეტერმინიზმის კრიტიკაზე ფალსიფიკაციონიზმის პრინციპიდან. ეს შემეცნების ისეთ სტრუქტურას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ოპტიმალური თეორია უნდა იყოს: 1. მარტივი და არაუნივერსალური, რათა არ გაართულოს მისი შემოწმების საკითხი; 2. შემოწმებადი, რათა აგვარიდოს მეტაფიზიკური სპეკულაციები; და 3. გამცდარებადი, რათა შემოწმებადობის ფარგლებშიც კი თეორიამ არ მიგვითითოს არასაჭირო ვითარებებზე, ანუ მოიცვას აპლიკაციის ზედმეტად დიდი არეალი. პოპერი სწორად შენიშნავს, რომ მეცნიერება იმის გამოცნობის ხელოვნებაა, თუ რაზე შეიძლება თვალი დავხუჭოთ, რათა გამარტივებული მოდელით შემოწმდეს თეორიის პროგნოზირებადობა (1, 60). ყველა თეორია უნივერსალურობას ამტკიცებს, თუმცა მეცნიერის მიზანია, მისთვის განსაზღვრული აპლიკაციის არეალის მიკუთვნება, რომლის გარეთაც თეორია გამცდარდება (შდრ. ნიუტონის მექანიკა ფარდობითობის და კვანტურ თეორიებში). ფალსიფიკაციონიზმი ამბობს, რომ ყოველი თეორია წარმატებით აღწერს მხოლოდ პირობებს. „დაბნელებების წინასწარმეტყველება ... მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ ჩვენი მზის სისტემა უცვლელი და განმეორებადი სტრუქტურაა, ხოლო ეს ასეა იმის გამო, რომ სხვა მექანიკური სისტემების ზემოქმედებისგან ის იზოლირებულია უზარმაზარი ცარიელი სივრცით და, ამდენად, შედარებით თავისუფალია გარეგანი ზემოქმედებისგან“ (4, 384). ასეთი წინასწარმეტყველური თეორიები ჭეშმარიტია მხოლოდ გარკვეულ პირობებში. ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი თეორია არაა დაზღვეული გამცდარებისგან. ნებისმიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კვანტური თეორია ვერ აკმაყოფილებს სამყაროს გარკვეული ნაწილის აღწერის მოთხოვნებს, რითაც შემოეზღუდება გამოყენების არეალი. როგორც ქუაინის რადიკალური ფალიბილიზმი აცხადებს, „არ არსებობს ჩვენი ცოდნის ისეთი ელემენტები, რომლებიც შეუძლებელია გახდეს დაეჭვებისა და უკუგდების ობიექტი“ (5, 126). ეს დებულება ერთგვარი ლოზუნგია ე.წ. პარათავსებადისტებისა, რომლებიც იმის წინააღმდეგნი იყვნენ, „რომ აზროვნება თავსებადობით იზღუდებოდეს, ისინი ვარაუდობენ, რომ სამყარო არის უთავსი და არსებობს ურთიერთუარმყოფელ წინადადებათა ისეთი წყვილები, დიალეთეიები, რომლებშიც წყვილის თითოეული წევრი ჭეშმარიტია“ (5, 114). ამით ფუძნდება ფორმალური დიალექტიკური ლოგიკა, რომელიც არ სცნობს კლასიკური ლოგიკის ფუნდამენტურ კანონებს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პარათავსებადისტების მთავარი საფუძველი, კვანტური თეორია, ექსპერიმენტულად არ იძლევა კონტრადიქტორულ ვითარებებს, რამდენადაც დაკვირვება და, მაშასადამე, ჩარევა კვანტური ნაწილაკის დამოუკიდებელ მოძრაობაში, აიძულებს ამ ნაწილაკს, მოიქცეს არა ერთდროულად ორნაირად, არამედ რაღაცნაირად (2, 167). მიუხედავად ამისა, ის, თუ როგორ მოიქცევა ნაწილაკი დაკვირვებისას, სისტემის ინდეტერმინიზმზე მიუთითებს, რაც მოწმობს იმას, რომ როგორც ექსპერიმენტალურ, ისე წმინდა ფორმალურ-ლოგიკურ ფარგლებში „მეცნიერული“ დეტერმინიზმი ვერ მუშაობს და საჭიროა მისი შეკვეცა prima facie დეტერმინიზმამდე. ფალსიფიკაციონიზმის პრინციპიდან გამოდის, რომ შეუძლებელია თეორიას ჰქონდეს მარადიული და საყოველთაო მნიშვნელობა: „უახლოესი ორი საუკუნე ითვლებოდა, რომ ნიუტონის თეორია სამყაროს ჭეშმარიტი თეორია იყო; მაშინაც კი, თუ ჩვენ ვიპოვით თეორიას, რომელიც ჩვენთვის ისევე დამაკმაყოფილებელი იქნება, როგორიც იყო ნიუტონის თეორია ფიზიკოსების უმრავლესობისათვის ამ ორი საუკუნის განმავლობაში, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ერთ დღეს მას არ დაუპირისპირდება სერიოზული არგუმენტები... ამრიგად, სამუდამოდ უნდა შემოვიზღუდოთ მხოლოდ მიახლოებითობის გაუმჯობესებით“ (1, 61). ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შევქმნათ თეორიები, რომლებიც მიგვაახლოებენ სამყაროს აღწერასთან და, ამგვარად, მოვქსოვოთ „დეტერმინიზმის ძალზე უხეში ბადე“, რომელიც არასდროს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მასში პატარა თევზები არ გაგვეპარებიან, რის გამოც prima facie დეტერმინისტულ სისტემაშიც კი ყოველთვის იქნება ადგილი ინდეტერმინიზმისთვის. ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ორ პარადიგმას შორის სინთეზური კავშირი იკვეთება. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ შეგვიძლია სისტემაზე ცალსახად მივუთითოთ, რომ იგი დეტერმინისტულია, ან ინდეტერმინისტულია. სწორი იქნება ვთქვათ, რომ სამყარო დუალისტურია და წარმოადგენს ამ ორი დოქტრინის სინთეზს. ზემოთ მოყვანილი ბადის ანალოგიის საპირწონედ, ისეთ ინდეტერმინისტულ სამყაროშიც კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაინც რჩება ადგილი დეტერმინისტული ფუნქციებისთვის, რომლებიც ვლინდება ბუნებრივი მუდმივების (სინათლის სიჩქარე, გრავიტაციის კანონი, ენერგიის მუდმივობის კანონი) სახით (2, 172). მეორე მხრივ, შეგვიძლია ვისაუბროთ ინდეტერმინიზმზე, როგორც დეტერმინიზმის დამატებაზე, რამდენადაც ალბათურ და შემთხვევითობაზე დაფუძნებულ სისტემებსაც ახასიათებთ გარკვეული ხარისხის კანონზომიერება, რომელსაც ალბათობის თეორია შეისწავლის. თუ ეს მართალია, მაშინ იმის აღიარებაც გვიწევს, რომ ყოველი ინდეტერმინისტული კვანტური ალბათობის უკან დგას აუცილებლობა, ხოლო შემთხვევითობა და თავისუფლება ერთგვარ დამატებად გვევლინებიან (6, 24). ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ მათი კოოპერაცია უზრუნველყოფს იმ ობიექტური გარემოების ჭეშმარიტებას, რომ ყოველი მეცნიერება არის სამყაროს გარკვეული მდგომარეობის აღმწერი და არა ყველა შესაძლო მდგომარეობის მცოდნე (7, 28). უსაფრთხო იქნება იმ პოზიციის დაკავება, რომ დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის ურთიერთმიმოცვლა წარმოადგენს სამყაროს ფუნდამენტურ მდგომარეობას და ამგვარად იქმნება მისი დუალისტური ბუნებაც.
გამოყენებული ლიტერატურა: 1. პოპერი კ., ღია სამყარო - ინდეტერმინიზმის არგუმენტი, თბილისი 2000 2. What Quantum Mechanics Doesn’t Show, JUSTIN P. MCBRAYER, DUGALD OWEN, Fort Lewis College, 2016 3. ავალიანი ს., XX საუკუნის ნატურფილოსოფია, თბილისი 2004 4. პოპერი კ., ვარაუდები და დარღვევები, კვარი, თბილისი 2000 5. აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა. რედაქტორები: ლერი მჭედლიშვილი და თამარ ცხადაძე, თბილისი 2009 6. მაცნე, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალი, 2008 7. მაცნე, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალი, 2007
Davit Taboridze Dualistic Nature of the Universe: Determinism and Indeterminism Summary This article deals with the interpretation of the universe as simultaneous cooperation of deterministic and indeterministic systems. We follow the pattern of how the scientific thought changed its fundamental direction from an absolutely deterministic universe (such as Laplace’s demon) to an absolutely indeterministic quantum system as we try to show that in no deterministic system is indeterminism excluded but there’s always a little space for determinism in highly indeterministic systems too. Examining K. Popper’s critique of scientific determinism and the introduction of the concept of prima facie determinism and following the trends of the new school of logic (namely fallibilism), we argue that there’s no definition of the universe within a single paradigm but rather a synthesis of both since the radical predication of the universe leads to a dead-end. Hence, the main objective of the article is to prove the dualistic nature of the universe.
|