ჟურნალი ნომერი 2 ∘ ირაკლი ლეონიძე
მხარეთა კეთილგანწყობილი ურთიერთობის კვლევა, როგორც თანამედროვეობის მორალური და მოსამართლის ეთიკური გამოწვევა

შესავალი

სამოქალაქო დავაში მონაწილე მხარეთა კეთილგანწყობილი ურთიერთობის კვლევა თანამედროვეობის მორალური და მოსამართლის ეთიკური გამოწვევაა, რადგან სამყაროში არსებობს სამართლიანობის განუსაზღვრელი ფილოსოფიური ცნებები და სამართლის ნორმატიული წესრიგი, რომელიც მოსამართლის ქცევის ეთიკურ სტანდარტს ადგენს. [ხუბუა, 2004:32]. 

სახელშეკრულებო ურთიერთობების კოდექსისმიერი რეგულირების განსაზღვრა, თავიდანვე პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა, რადგან შესაძლებლობა, რომ სამართლის ნორმის რეცეფციით ჩამოყალიბებულიყო სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილი სამართლის ნორმები, მიანიშნებდა საფრთხეს - დამკვიდრებული სოციალური ურთიერთობების სამოქალაქო პროცესიდან უგულებელყოფის შესახებ. [ბრეგვაძე, 2016:64]. 

1. ჩუქებისა და სესხის მომწესრიგებელი სამართლის ნორმები

ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელმა დასაჩუქრებულს სასყიდლის გარეშე უნდა გადასცეს ქონება, ამ უკანასკნელის თანხმობით.[1] სესხის ხელშეკრულებით კი გამსესხებელი მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს გადასცემს, რა დროსაც მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.[2]

სამართლის ნორმების შედარებისას აღსანიშნავია გარიგების ფორმის და ხელშეკრულების საგნის განსხვავება. ჩუქების საგანი მოიცავს უძრავ და მოძრავ ნივთებს / ქონებრივ სიკეთეებს, ხოლო სესხის ხელშეკრულების საგანი - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. [ლეონიძე, 2020:12-13]. ჩუქების უსასყიდლობის შესახებ ჩანაწერი, სასამართლო პრაქტიკაში: მხარეთა კეთილგანწყობილი ურთიერთობის, პოზიტიური დამოკიდებულების და მორალის ურთიერთმიმართების საკითხს წამოჭრის [ხარაზი... 2015:74].

2. კეთილგანწყობილი ურთიერთობის შეფასება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების მიხედვით

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის №ას-127-119-2015 გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს საქმის განხილვისას ჩუქებისა და სესხის ხელშეკრულების გამიჯვნის ახალი კრიტერიუმის - კეთილგანწყობილი ურთიერთობის, შემდგომში პოზიტიური დამოკიდებულების შეფასების აუცილებლობას.

დავის საგნის მოკლე მიმოხილვა: მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნება. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობაზე არ შეთანხმებულა, თუმცა არ უარყო სადავო თანხების მისთვის სხვა დანიშნულებით (ჩუქებით) გადაცემა.[3]

დადგინდა, რომ ფულადი გზავნილების საბანკო ამონაწერების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების არსებობის, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, დასაბუთება ვერ ამოწურავს სადავო ხასიათის ურთიერთობას და მხარეებს შეუძლიათ ამტკიცონ სხვა ხელშეკრულების არსებობა. [ჯორბენაძე, 2017:128]. მორალური მოტივი, პოზიტიური დამოკიდებულება და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, როგორც მხარეთა ყოფით-სოციალური ურთიერთობის პროცესუალური კვლევის შედეგი, სასამართლომ მოპასუხის იურიდიული ინტერესის სასიკეთოდ შეაფასა.

გამიჯვნის მეთოდი, პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ უცვლელია. შესაბამისად, ერთგვაროვანი პრაქტიკის შედეგების შესწავლა დღემდე აქტუალურია.

3. მორალური დილემა და საკითხის ეთიკური გადაწყვეტა

მხარეთა ყოფით-სოციალური ურთიერთობებისა და კეთილგანწყობილების კვლევის პროცესუალური მიზანი სამოქალაქო საპროცესო სამართალში გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება წარმოაჩენს მხარეთა კეთილგანწყობილების გაქარწყლების შემდგომი ურთიერთობის შედეგების დადგენის გამოწვევებს.[4]

აქტუალურია სესხისა და ჩუქების ხელშეკრულებები, როდესაც ცალკეული გადაწყვეტილების უნიკალურობა უპირველესად, ხელშეკრულების გამიჯვნის თვისებრიობაში ვლინდება, სადაც სასამართლო, მტკიცებულებებთან ერთად, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების არსებობას თავისი შინაგანი რწმენით აფასებს. რის შედეგადაც, განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ მოიცავს მხარეთა კეთილგანწყობილების გარკვევისა და შეფასების სამართლებრივ მსჯელობას. ამ პროცესში თანამედროვეობის მორალური გამოწვევა შესაძლოა იყოს კეთილგანწყობილი დამოკიდებულების აღქმა ან მისი აღქმისგან თავის შეკავება.

მნიშვნელოვანია მხარეთა ყოფით-სოციალური ურთიერთობის გავლენით, ხელშეკრულების გაფორმების მტკიცების მაგალითზე კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შესწავლა და ის, თუ როგორ არკვევს მოსამართლე კანონისმიერი და სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობას, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის საკითხს, მაშინ, როდესაც სამართლებრივი მნიშვნელობის არმქონე ფაქტებსა და მათ მტკიცებას იურიდიული მნიშვნელობის ძალა არ ენიჭება.[5] მიუხედავად, იმისა თუ რა მნიშვნელობისაა ეს ფაქტი კონკრეტული პირისთვის. [თოდუა... 2020:11].

დოგმატური მოსაზრებები დავაში მონაწილე მხარეთა ურთიერთობების ცალკეულ სახელშეკრულებო ფორმად კლასიფიკაციასთან დაკავშირებით და ასეთად მიუჩნევლობის მტკიცების სამართლებრივი ტვირთი, სასამართლოს მიერ სოციალური ურთიერთობების შესწავლის მეთოდურ-პროცესუალური საშუალებაა. მეორე მხრივ, კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე და 623-ე მუხლის ცნებისმიერი რეგულირების ფარგლებში ნივთის გადაცემის მიზნის შეფასების ინდიკატორი.

საგულისხმოა, სასესხო ვალდებულებებიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნების გვაროვნულობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის საკითხი, რომელიც არა მხოლოდ მხარეთა დავის გადაწყვეტის მნიშვნელობას, არამედ სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმის ნამდვილობის / ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმის არსებობისა და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინების საკითხს უკავშირდება.   მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების არსებობის გარკვევის საკითხი კი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზნისა და ნამდვილობის შეფასების ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. 

მხარეთა ურთიერთობის ხასიათი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების სხვა მოტივებთან ერთად პოზიტიური დამოკიდებულების  არსებობის საკითხსაც მოიცავს, რაც სოციალურ-სამართლებრივ წარმოდგენებს ნივთის უსასყიდლო გადაცემაში  ავლენს. ჩუქების ხელშეკრულების დადება მხარეთა შორის შესაძლოა  სხვადასხვა მოტივით იყოს განპირობებული.  სასამართლო ვერ განიხილავს იმ მოტივებს, რომელთაც არასამართლებრივი ხასიათი აქვთ, თუმცა მოტივი, რომელიც გადაცემული ნივთის დაბრუნებისა და ხელშეკრულების ნამდვილობის პრობლემებს წამოჭრის, სასარჩელო მოთხოვნის შეფასების ფარგლებში, ადრე თუ გვიან სასამართლო მსჯელობის საგნად იქცევა. სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული განსაზღვრებები კი საკითხის შესწავლის ისტორიას წარმოაჩენს. [თოდუა... 2020:12].    

მოსამართლის მიერ საკითხის შესწავლა სამოსამართლო ეთიკის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს. ასევე, მედიატორის მიერ ემოციური მხარდაჭერის გამოხატვა არ უნდა იქცეს რომელიმე მხარის უპირატესობად.

სასამართლო გადაწყვეტილებებთან ერთად აუცილებელია განვიხილოთ სამედიაციო მორიგების აქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა იურიდიული ინტერესის ასახვას საერთო ინტერესის შემცველ შეთანხმებაში. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო დავა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია მისი ფორმატისა და შინაარსიდან გამომდინარე, რადგან გარკვეულ ურთიერთობებში სადავოდ ქცეული საკითხი განსაკუთრებული სოციალური და მორალური დილემით ხასიათდება. ამ შემთხვევაში მედიატორის მონაწილეობით დავის გადაწყვეტა მხარეთა ღირებულებებისადმი ინსტიტუციური პატივისცემა და მხარდაჭერაა.

აღსანიშნავია სამართლებრივი შედეგის გადაწყვეტის მნიშვნელობა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი. მაშინ, როდესაც არსებითად სხვა სახის ურთიერთობას ან ხელშეკრულებას ერთ-ერთი მხარე განიხილავს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობად და აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნას ამავე ურთიერთობის პროცესში ჩამოყალიბებულ მტკიცებულებებზე [შემდგომში მოწმეთა ჩვენებები და გადარიცხვების ამონაწერი], მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით განიხილოს მხარეთა ყოფით-სოციალური ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი მტკიცებულებები და დაადგინოს სამართლებრივი შედეგი პროცესის ეტაპზე. 

პრეცედენტული გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაფორმების მიზნობრივი საწყისითა და პრაქტიკის დამკვიდრების ისტორიით წარმოადგენს პოზიტიური დამოკიდებულების შეფასების ახალ სტანდარტს, რომლის ხასიათი სცდება ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებს და მოიაზრება, როგორც ურთიერთობის გამიჯვნის ფიქცია სამართლებრივი შედეგების დასადგენად. კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ნივთისა თუ ფულადი თანხის გადაცემა და საქმეში არსებული მტკიცებულებები არსებითად სწორად შეფასდეს - კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისა თუ არ არსებობის დონეზე.

მოსამართლემ პოზიტიური დამოკიდებულება - დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით უნდა შეაფასოს. სამართლის ნორმის განმარტებასთან ერთად მას გულმოდგინება და გულისხმიერება ესაჭიროება.

4. მომეტებული ფორმალიზმის შესახებ

სამართალი არ არის მხოლოდ ნორმათა ფორმალური წესრიგი ან სასამართლო ინსტანციების მიერ დადგენილი გადაწყვეტილება, სამართალი ის ბუნებრივი კანონზომიერებაა, რომელსაც კანონმდებელი მოქალაქეთა სასიკეთოდ ადგენს. ამიტომ, ამ კანონზომიერების შეფასებისას მხარეთა კეთილგანწყობილი ურთიერთობის კვლევა, როგორც თანამედროვეობის მორალური და მოსამართლის ეთიკური გამოწვევა, ხშირად სასარჩელო წარმოების ნაწილია. მოსამართლის მიერ ამ საკითხის განხილვა მისასალმებელია, თუმცა არსებობს ეთიკური დილემა, რომელიც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ცალკეულ შემთხვევებში.

სამართალშემფარდებლის მიერ სამართლის ადრესატების ყოფიერების უარყოფა ან ამ უკანასკნელთა კეთილგანწყობილი ურთიერთობების არსებობისა თუ არარსებობის გაუთვალისწინებლობა, თვით მოქმედი სამართლის მნიშვნელობას ეწინააღმდეგება. [თოდუა... 2020:6].

„ყველა სხვა სამართალი ... რომის სამართალთან შედარებით არის ბუნდოვანი და სასაცილო“ - დასძენდა ციცერონი. სავინის მტკიცებით კი „კანონი იზრდება ხალხთან ერთად, ეფუძნება ხალხს და ქრება, როგორც კი ხალხი კარგავს საკუთარ ინდივიდუალურობას“.  ქართული სამართლისთვის რომის სამართლის ისტორია კარგად დავიწყებული ძველის შეხსენება, ხოლო უშუალოდ, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მტკიცებულებათა შეგროვებისა და შეფასების გამოწვევაა. [ჯორბენაძე, 2017:18-19]. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, მოსამართლე ილია ჭავჭავაძემ მოსარჩელე მევახშის მოპასუხე გლეხი, ნაცნობი ხის ფოთლის საძებნად გაგზავნა, გლეხს თავისი სიმართლე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებით რომ დაედასტურებინა. ილია ჭავჭავაძის სამოსამართლო-სამომრიგებლო მოღვაწეობა ორ ძირითად იურიდიულ პროფესიას აერთიანებს - მოსამართლისა და მედიატორის თანაბარ ფუნქციებს.

ამიტომ, სამოქალაქო პროცესები სასამართლო გადატვირთულობას არ უნდა იწვევდეს, რადგან ეს თავშივე ეწინააღმდეგება მაღალზნეობრივ იდეას ადამიანთა შორის წესრიგის დასაცავად. უფლება ან ვალდებულება ყოველთვის არ გულისხმობს შეუმცდარობასა და აზრის უცვლელობას. მნიშვნელოვანია სამართლებრივი და არასამართლებრივი ასპექტების მიზნობრივი შეფასება.

დასკვნა

ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის მტკიცებისთვის არასაკმარისია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, თუმცა სხვა სახის მტკიცებულების არსებობის საკითხისთვის სასამართლომ დაადგინა შეფასების ახალი სტანდარტი - მხარეთა კეთილგანწყობილების ხარისხის კვლევის სახით. აღნიშნული წარმოადგენს სიახლეს ქართულ სამართალში, რომელიც აერთიანებს იურიდიული და ფილოსოფიური მნიშვნელობის წარმოდგენებს.

 

სქოლიო:

[1] იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, პარლამენტის უწყებანი, 31, 26/06/1997, 524-ე მუხლი.

[2] იქვე, 623-ე მუხლი.

[3] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის №ას-127-119-2015 გადაწყვეტილება.

[4] შეად. ავალიანი ს., ქეცბაია კ., ფილოსოფია ყველასთვის, თბ., 2009, 9.

[5] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, პარლამენტის უწყებანი, 47-48, 14/11/1997, 105-ე მუხლი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ავალიანი ს., ქეცბაია კ., ფილოსოფია ყველასთვის, თბ., 2009.

2. ბრეგვაძე ლ., აუტოპოიეტური სამართლებრივი კულტურის თეორია: სამართლის ტრანსფერები და სამართლებრივი თვითრეგულირება გლობალურ საზოგადოებაში, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2016.

3. თოდუა მ., ძლიერიშვილი ზ.,  ბერეკაშვილი დ.,  ხაჟომია თ.,  ბაქრაძე მ.,  თოდრია თ., ჩხაიძე ს., კვანტალიანი ნ., სასამართლო გადაწყვეტილების სტრუქტურა პირველ და მეორე ინსტანციებში, პრაქტიკული სახელმძღვანელო სამოქალაქო სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის, თბ., 2020, 11.

4. ლეონიძე ნ., სესხისა და საბანკო კრედიტის გამიჯვნის ცალკეული კრიტერიუმები საქართველოს ეკონომიკურ - სამართლებრივ სივრცეში, ჟურნ. „სეუ და მეცნიერება“, 2020.

5. ხარაზი ი., კვინიკაძე ქ., ბარამიძე გ., ჩუქება, როგორც ალტრუისტული ხელშეკრულება და საგადასახადო დაბეგვრის ობიექტი, „ცხოვრება და კანონი“, №1(29), 2015.

6. ხუბუა გ., სამართლის თეორია, თბ., 2004.

7. ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბ., 2017.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის №ას-127-119-2015 გადაწყვეტილება.

 

Irakli Leonidze

Research on the Benevolent Relationship of the Parties as a Moral and Judicial Challenge of Modernity

Summary

Due to the litigation, plaintiff and defendant are members of process and they have choice to do something for their interest. When the Supreme Court of Georgia is mentioning the positive attitude in court decisions, they have absolutely no right to change facts about legal dispute. Obvious that no one is arguing whether the complaints are good or not, but the fact to change facts about people relationship to make the positive attitude sound even greater, or to make situation more realistic is against principles of civil process. It is important to study positive attitude without damage someone’s legal interest and find out the best solution to resolve dispute.     

Determining the regulation of contract law relations was a problematic challenge from the very beginning for years, because the possibility of establishing the perfect norms in civil law by the reception of the rule of law indicated the danger of neglecting the social-cultural relations from the litigation.