ჟურნალი ნომერი 2 ∘ ცოტნე ღუღუნიშვილი
ცოდნა და მისი თანმხლები საფრთხეები ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხის“ მიხედვით

ჯონ მილტონი (1608-74) ინგლისელი პოეტი და ისტორიკოსი, უილიამ შექსპირის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისელ ავტორად ითვლება. მილტონის ყველაზე ცნობილი წიგნია „დაკარგული სამოთხე“, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც უდიდესი ინგლისური ეპიკური პოემა. პოემის საფუძველია ბიბლიური მითი და მასში წამოჭრილია რელიგიური თემები, მათ შორის ადამიანის დაცემა, ადამის და ევას ცდუნება, სატანა და ღმერთი და ა.შ.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ცოდნა და მისი თანმხლები საფრთხეები ჯონ მილტონის პოემაზე „დაკარგული სამოთხე“ დაყრდნობით. წიგნის ამოსავალი წერტილია ისტორიულ-პოლიტიკური და ფილოსოფიურ-მორალური თემატიკა. მილტონი, როგორც პურიტანი და ღრმად მორწმუნე ადამიანი, გვიხატავს ღმერთის პორტრეტს, რომელიც წარმოდგენილია როგორც უზენაესი გონება, რომელსაც თან ახლავს მრისხანება და სასჯელი. მეორე მხრივ კი გვყავს ადამი და ევა, რომელთა ნებისყოფის სისუსტემ, ცნობისმოყვარეობამ და შეუცნობელის შეცნობის დაუოკებელმა სურვილმა მათი ტრაგედია და დაცემა განაპირობა. ამდენად, მილტონის მოცემულ პოემაში შემეცნება, ცოდნა და სასჯელი ერთმანეთთან დიდწილადაა დაკავშირებული.

ქვეყნად არსებობს საწყისი ყველაფრისა, რომელიც ფლობს განუსაზღვრელ ცოდნას. მას შემეცნებული აქვს სამყაროს თითოეული დეტალი, ელემენტი, მატერია და თავისმხრივ მთელი სამყარო ცდილობს ამ საწყისის შემეცნებას. იგი წარმოშობს ნათელს და ბნელს, ცოდნას და უმეცრებას, ყველაფერს და არაფერს. ადამიანი ამ უდიდესი სისტემის ერთი უმცირესი ნაწილია. მისი ცნობიერი არსებობა სათავეს სწორედ ამ ცოდნის უსასრულო სისტემიდან იღებს. მაშასადამე, ის, რაც რაიმეს წარმოშობს, მისი საწინდარიც ხდება და მიზნობრივი პროდუქტიც.

სამყარო სათავეს იმ ენერგიიდან იღებს, რომელსაც ადამიანმა ღმერთი უწოდა. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოან.სახ. 1:1) ღმერთი შეუცნობელია მოკვდავის გონებისთვის. შეუძლებელია, ჩასწვდე იმ საწყისის სიღრმეებს, რომელიც აბსოლუტურ ცოდნას ფლობს და რომელიც, ამავდროულად, შენი არსებობის განმაპირობებელიცაა. ადამიანი შექმნა ცოდნამ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ შექმნილი შემქმნელის თვისობრივი ნაწილებისგან შედგება და მიისწრაფვის, რომ საკუთარი თავის ასახვა სწორედ მასში ჰპოვოს. ამდენად, ცხადი ხდება ვნება იმისა, რომ ჩნდება ამბიცია ხედავდე იმას, რასაც შენი საწყისი ხედავს, გესმოდეს ის, რაც მას ესმის და შეიმეცნებდე იმას, რისი შემეცნების უნარიც მას შესწევს. ეს პროცესი, შესაძლოა, უნებლიე და გაუცნობიერებელი იყოს, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებლად გარდაუვალია.

მილტონი მოგვითხრობს, რომ სამყაროში კაცთა მოდგმამდე ცხოვრობდნენ ციური სულნი. ისინი საწყისს ღმერთისგან იღებდნენ. ღმერთი კი უსასრულო ცოდნა და შესაძლებლობაა. ცოდნა, როგორიც არ უნდა იყოს და ვისთვისაც არ უნდა იყოს, ვერასდროს იქნება აბსოლუტური ჰარმონიის განმაპირობებელი ფაქტორი. ამ მოცემულობამ ვერც ყოვლად საწყისისთვის შექმნა აბსოლუტური იდილია და ვერც მისგან გამომდინარე არსთათვის. რატომ? ცოდნა იმისა, რომ შეგიძლია შექმნა რობოტულად მოაზროვნე არსებები, რომლებიც უპირობოდ დაემორჩილებიან შენს მიერ დადგენილ წესრიგს, არადამაკმაყოფილებელი და ნაკლებ სასურველია. მეორე მხრივ კი, ცოდნა იმისა, რომ შეგიძლია შექმნა დამოუკიდებელი, თავისუფალი და ინდივიდუალური ქმნილებები, რომლებიც საკუთარ ნება-სურვილს დაექვემდებარებიან, ასევე ქაოსურად არამომხიბვლელია. ალბათ გაჩნდება კითხვა, რომ როგორ შეიძლება ასეთ ძალას და ენერგიას რაიმე ვერ აკმაყოფილებდეს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. მას შეუძლია, შექმნას, დაბადოს, სული შთაბეროს და მოაწესრიგოს სამყარო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველაფერი შესაძლოა არსებობდეს ხელოვნურად და ძალით მართული მეთოდებით ან პრიქით, თვითნებურად და უმორჩილოდ, ვერ დაბადებს კმაყოფილების შერძნებას. რადგან ზედმეტი მორჩილება მოსაბეზრებელია, ხოლო ზედმეტი ურჩობა- კიდევ უფრო აუტანელი. შესაბამისად, როდესაც იცი, რომ არ არსებობს ოპტიმალური გზა იმისა, რომ მიიღო ის, რაც გწადია, ვერ იქნები აბსოლუტურ ჰარმონიაში.

თავად ციური სულნიც ეზიარნენ ღვთისგან ბოძებულ ცოდნას. ამაღლდნენ და გაცისკროვდნენ დიდებულებით, მაგრამ განა ყველა მათგანი განიცდიდა ბედნიერებას? ცოდნას ბედნიერება არ მოაქვს. ცოდნას მოაქვს უფრო მეტი საფიქრალი და საზრუნავი, მოკლედ ყველაფერი გარდა ბედნიერებისა. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთმა მათგანმა გააანალიზა, რომ ისინი იყვნენ დიდებულები, მაგრამ არა საკმარისად. არსებობდა იმაზე გაცილებით ყოვლისმომცველი ცოდნა, ვიდრე მათ ჰქონდათ და ეს კარგად იცოდნენ. ეს უკანასკნელი მათ თვალს აუხელდა სამყაროს ჭეშმარიტი მოცემულობების დასანახად და გასააზრებლად, მაგრამ მასთან წვდომა ანგელოზთა პრეროგატივა არ იყო. გარდა ამისა, ცის მკვიდრთ მოუნდათ, რომ ეგემათ ჭეშმარიტი თავისუფლება. ანუ, იმ ცოდნამ, რომელიც მათ გააჩნდათ, ანგელოზებს დაანახა, რომ არ იყვნენ საკმარისად თავისუფალნი. ისინი მიხვდნენ, რომ არესებობდა გაცილებით უზენაესი მწვერვალები, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ უფალი შეიმეცნებდა. შესაბამისად, ცის მკვიდრთ მოუნდათ, რომ მცირე იმედით და ყველაფრის ფასად, შეემეცნათ ჭეშმარიტი თავისუფლება, სამყაროსეული სიბრძნე და ცოდნა. ამ მიზნისაკენ სწრაფვამ კი დაბადა პირველი ცოდვა და სამყარომ იხილა პირველი დაცემა ანგელოზებისა. შესაბამისად, ცოდნამ, რომელმაც უფრო მეტი ცოდნის და შემეცნების ხატი შექმნა, განაპირობა უდიდესი მარცხი და ტრაგედია ცოდვილი სულებისა, რომელთაც ამ ცოდნის მოპოვების შანსი სამარადისოდ მოესპოთ.

ცოდნა აუცილებელია, უცოდინრობა დამაკნინებელი, ზედმეტი ცოდნა კი- სახიფათო. ანგელოზთა დაცემის შემდეგ უფალი შექმნის პირველ ადამიანს თავის ხატად და სახედ. მთელი ტრაგედია, რომელიც შემდეგ დატრიალდება კაცობრიობის თავზე, სწორედ ამ სიტყვებშია ასახული- „ხატად და სახედ.“ რატომ? ნუთუ აქ მხოლოდ ის იგულისხმება, რომ ადამიანი უფალს უნდა დამსგავსებოდა გამომსახველობით? რა თქმა უნდა, არა. თუკი შემქმნელმა საკუთარი შექმნილი თავის მსგავსად დაისვა, მაშინ რადაა გასაკვირი ამ უკანასკნელის სურვილი- მოიპოვოს შემეცნების ის არეალი, რომელიც მხოლოდ უზენაესისთვისაა ხელის გულზე გადაშლილი. ცხადია, ეს სწრაფვა სულაც არ არის მოულოდნელი და რა წამს ადამიანი იგემებს აკრძალული ხის ნაყოფს და იფიქრებს, რომ ჭეშმარიტ ცოდნას ეზიარა, იგი განაცხადებს:

„თუ ყველაფერი აკრძალული ასე ტკბილია,

ერთი არ კმარა- ნეტა ათი ხე აეკრძალოთ.“  (მილტონი, 1969, გვ.: 215)

ნათელია, თუ რა ძლიერ ეამა მას იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რომლისკენაც მისი ბუნება ასე გაუცნობიერებლად, მაგრამ შეუპოვრად მიილტვოდა.

ადამი, პირველი კაცი და პირველი ადამიანი დედამიწაზე, გამუდმებით სვამს კითხვებს. მას აინტერესებს, სურვილი აქვს შეიმეცნოს როგორაა სამყარო მოწყობილი. ადამი ეძებს ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ იგი განუზომლად მორჩილი ჩანს უფლის მიმართ, მისი პირველი მოქმედება მაინც კითხვის დასმაა. კითხვა კი გზაა ცოდნისაკენ მიმავალი. რატომ იქცევა ადამი ასე? იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაა გამალებით ცოდვისაკენ სწრფვა, ადამიანის ბუნებაა შეუცნობელის შეცნობის სურვილი, იმდენად რამდენადაც ადამიანი ღვთის ხატებაა.

„და გარეგანი ვერ-რა ძალა ვერ შეგვაშფოთებს

საშიშროება და ხიფათი ჩვენშივე ბუდობს,

მას სადგური აქვს ჩვენს საკუთარ ძლიერებაში,

და ჩვენვე თუ არ მოვისურვებთ- ვერას გვავნებენ.“

(მილტონი, 1969, გვ.: 197)

ამდენად, ვხედავთ, რომ ადამიანი ყველაზე დიდ საფრთხედ იმას აღიქვამს, რაც მის შიგნითაა, ეს კი სწრაფვაა ცოდნისაკენ. სწორედ ეს სურვილი შეიძლება ექცეს მას უპირველეს მტრად.

როგორც ჩანს, მიუხედავად ამ საფრთხისა, ყველაზე მორჩილ არსებასაც კი გაუჩნდა უნებლიე სურვილი ცოდნისა. ანუ, რადგან ადამიანი ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული უფალთან და რადგან მის სახედ და ხატად შეიქმნა, გამოდის, რომ თავიდანვე გარდაუვალი იყო ის, რაც მოხდა- ადამიანის დაცემა. რადგან ადამიანს არ აქვს უფლება გაუტოლდეს უფალს და მიიღოს მისი სიბრძნე. ჩვენ არ შეგვიძლია ძიების შეწყვეტა ჩვენი არსიდან გამომდინარე. ადამიანი ცდილობს, ცოდნაში და შემეცნებაში ჰპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ კითხვებზე პასუხებს, რადგან ადამიანი ცოცხალი არსებაა, სიცოცხლე კი გამორიცხავს სტატიკურობას. ადამიანი სულ მოქმედებს, ამ უწყვეტ ქმედებებს კი შეცნობის სურვილი ახლავს თან. ჩვენი ბუნება განსაზღვრავს ჩვენსავე მოთხოვნილებებს- რაც უფრო ვიფართოვებთ თვალსაწიერს მით უფრო მეტის სურვილი გვიჩნდება.

პირველი იყო კითხვა და ეს კითხვა იყო „რატომ?“ ადამიანი საკუთარი ადგილისა და მისიის გაგებას სწორედ შემეცნების საშუალებით ცდილობს. ალბათ გაჩნდება კითხვა, რატომ სურს ღმერთს ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა? რატომ ისჯება ადამიანი? მხოლოდ იმის გამო რომ ცოდნა სურს? თუ იმის გამო, რომ ღმერთის ნებას არ დაემორჩილა? პასუხია ყველა მათგანი და თან არც ერთი. არსებობს ცოდნა და არსებობს სიბრძნე. ცოდნა ეს არის რაღაცის შესახებ ინფორმაციის ფლობა, სიბრძნე კი მოიაზრებს სამყაროს შეცნობას. ადამიანს ცოდნა იმთავითვე ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან ჩვენთვის საკმარისი არასდროს არაფერია და მან უფრო მეტი მოისურვა, როგორც მოსალოდნელი იყო. თუმცა აქ  მთვარი მაინც ისაა, რომ ადამიანის სასჯელი იმან განაპირობა, რომ მას უბრალოდ ცოდნა კი არა, სიბრძნის მოპოვება უნდოდა. იმ სიბრძნისა, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვის იყო დამახასიათებელი. და თანაც, იგი აკრძალული გზით ცდილობდა აკრძალული სიბრძნის მოპოვებას. ასე რომ, გამოდის ადამიანი სატანაზე არანაკლებ ამბიციური არსება აღმოჩნდა. მასში იმაზე გაცილებით მეტი ფარული მისწრაფება გაჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით იყო აშკარა. სიბრძნის ძიებამ კი, რომელიც თავიდანვე იდო მის არსსში, ადამიანს თავს დაატეხა საუკუნოვანი უბედურება და განაპირობა მისი დაცემა:

„მართლაც აგვიხსნა მან თვალები: მშვენივრად ვარჩევთ

კეთილს და ბოროტს, მაგრამ კეთილს ჩვენთვის დაკარგულს

და იმის ნაცვლად მოპოვებულს მხოლოდღა ბოროტს!

ცუდი ყოფილა, სავალალო, ცოდნის ნაყოფი.“

(მილტონი, 1969, გვ.: 216-217)

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთის სახედ და ხატად შეიქმნა, რაც იმთავითვე მოიაზრებდა ქმნილების სურვილს- დაუახლოვდეს არსობრივად უზენაესს, რომელიც განუსაზღვრელ სიბრძნეს ფლობს- დაღუპა მეტის შემეცნებისკენ  სწრაფვამ და სწორედ იმ წადილმა, რომლის გარეშეც ადამიანი ადამიანად ვერ იარსებებდა. ამდენად, სურვილს შემეცნებისა, სამყაროს კანონზომიერებაში ჩაწვდომისა თუ სიბრძნის მოპოვებისას თან ახლავს საფრთხე დაცემისა და სასჯელი საუკუნო უბედურებისა, რომელიც ნათლადაა წარმოჩენილი ჯონ მილტონის პოემაში „დაკარგული სამოთხე.“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მთარგმნელი გ.წ. (1980). „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“. სტოკჰოლმი: ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი.

2. მილტონი ჯ. (1969). „დაკარგული სამოთხე“. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

 

 

Tsotne Ghughunishvili 

Knowledge and its appendant perils according to John Milton’s “Paradise Lost"

Summary

The universe originates from the mass of energy that man once called “a God.” A God is impenetrable and incognizable to the mortal mind. A man was formed and shaped by knowledge and cognition. Therefore, it is cogent that the created one definitely encompasses the qualitative parts of its creator and aspires to find its own reflection in it. Thus, the passion for seeing what your birthgiver sees, to understand what it understands and to cognize the same it does, becomes apparent and understandable.

After the fall of the angels, the Lord creates the first man as his own image after his likeness. The whole tragedy, which then befell the humanity, is reflected in these very words - "image and likeness." It is a human’s nature to aspire to knowledge, It is a human’ internal desire to cognize the incognizable, as far as a man is an image of God. Therefore, it turns out that from the very beginning the fall of man was inevitable, as we cannot stop exploring and pursuing because of our essence.

Accordingly, In this article I will discuss the thirst for cognition which is accompanied by threats and danger and which provoked centuries of misfortune for the mankind.