ჟურნალი ნომერი 2 ∘ ანა ლომაძე
შესაძლებლობები და უნარები – სოციალური იერარქიის ბუნებრივი მიზეზი თუ სოციალური უთანასწორობის საბაბი? არისტოტელეს და დუნს სკოტის პასუხები

შესავალი

ადამიანების შესაძლებლობები და უნარები (თუ უუნარობა) მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სოციალური სისტემის ჩამოყალიბებაში. ძირითადად, ადამიანებისათვის სოციალური როლების გადანაწილება მათი შესაძლებლობების მიხედვით, სრულიად მისაღები კრიტერიუმია. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ, მაგალითად, ადამიანი სამუშაო ადგილს მიიღებს ნეპოტიზმის ან ქრთამის საფუძველზე, შესაძლოა პოლიტიკური სისტემის გაუმართაობის გამო მას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდეს, მაგრამ თეორიულად ძნელია ამგვარი სიტუაციების მორალური გამართლება. ამის საპირისპიროდ, როცა ინდივიდი პოზიციას იკავებს მისი უნარებისა და შესაძლებლობების წყალობით, ეს მორალურად სრულიად მისაღებ და სამართლიან ფაქტად ითვლება. თუ აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ ფილოსოფიურ-თეორიული თვალსაზრისით, რა საფუძველზე დგას სოციალური იერარქიის მოწყობა ინდივიდთა შესაძლებლობა-უნარებზე დაყრდნობით?

სტატიაში მოკლედ იქნება მიმოხილული ორი მოაზროვნის – არისტოტელესა და იოანე დუნს სკოტის – შეხედულებები შესაძლებლობის ცნების გარშემო. მათი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების საფუძველზე განსხვავებული პასუხები შეიძლება მიესადაგოს შესაძლებლობა-უნარების სოციალური როლის ლეგიტიმურობას.

არისტოტელეს ტელეოლოგიური ხედვა შესაძლებლობა-უნარების ბუნებრივობის მხარდასაჭერად

სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში სხვადასხვა „ბუნებრივი“ მიზეზები დაუსახელებიათ საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის გასამართლებლად. მაგალითად, არისტოტელე ვარაუდობს, რომ მონები და ქალების უმეტესობა დაბადებიდანვე, ბუნებრივად არიან გაჩენილი მორჩილებისა და დაქვემდებარებისათვის.[1]

როგორც უკვე ითქვა, დღეს ასეთ ბუნებრივ მახასიათებლებად, რომლებიც თითქოს სამართლიანად ანაწილებს საზოგადოებაში ინდივიდთა ადგილებს, მიიჩნევა ინდივიდთა შესაძლებლობები და უნარები. მეოცე საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსი, ჯონ როლზი ამტკიცებს, რომ არსებობს ბუნებრივი ლატარეა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ სიმდიდრესა და შემოსავალს ანაწილებს ბუნებრივი უნარებისა და ნიჭის მიხედვით.[2] არსებობს გარკვეული მიზანი, რომლის მისაღწევად ყველა იღწვის: დავარქვათ მას პირობითად წარმატება. სხვადასხვა ადამიანს წარმატების, ბედნიერების მოპოვება შეუძლიათ იმდენად, რამდენადაც მათ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები შეუწყობთ ხელს.[3] მეოცე საუკუნეში მოღვაწე კიდევ ერთი ფილოსოფოსი, თომას ნაგელი როლზს ბუნებრივი ლატარეის არსებობაში ეთანხმება და წერს, რომ „ბუნებრივი ნიჭი ბიოლოგიური მოვლენაა“[4] და „გაურკვეველია, რატომ უნდა ეკისრებოდეს საზოგადოებას იმ უთანასწორობის თავიდან აცილების პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა პიროვნებებს შორის არსებული ბუნებრივი და არა სოციალური განსხვავებების საფუძველზე.“[5]

ნაგელის პოზიციის გასამყარებლად არაერთი ისტორიულ-ფილოსოფიური შეხედულება შეიძლება განვიხილოთ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი შეიძლება იყოს არისტოტელეს ტელეოლოგიური შეხედულებები. ის მიიჩნევდა, რომ ყველა საგანს გააჩნია თავისი შინაგანი ტელოსი, საბოლოო მიზანი, რომლის განხორციელებისაკენ სწრაფვაც ამ საგანშივე დევს.[6] კონკრეტული საგნის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს ამ კონკრეტული საგნის სახეობასა და გვარს. თითოეული საგანი იმდენად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენად კარგადაც ასრულებს ის მისი ზოგადი გვარ-სახეობის მიხედვით დაკისრებულ დანიშნულებებს. მაგალითად, კონკრეტული სამზარეულოს მაგიდის ტელოსი და დანიშნულებაა მასზე საკვების მოთავსება, რამდენადაც ეს არის ზოგადად სამზარეულოს მაგიდის დანიშნულება; კონკრეტული ჭიქის მიზანია მისი მეშვეობით დალევა, რადგან სწორედ ეს დანიშნულება აქვს ზოგადად ჭიქას. გატეხილი მაგიდა ან ჭიქა ნაკლებად შესაფერისია იმისათვის, რათა ამ საგნებმა საკუთარ შინაგან მიზანს მიაღწიოს.

არისტოტელეს ტელეოლოგია პირდაპირ კავშირშია მის კიდევ ერთ თეორიასთან, რომლის მიხედვითაც სამყაროს მოძრაობა შეიძლება გავიგოთ როგორც შესაძლებლობათა და აქტუალობათა, სინამდვილეთა დიქოტომია.  იმავე მაგალითს თუ ავიღებთ, ყველა ჭიქაში უკვე დევს მისი მეშვეობით სითხის დალევის შესაძლებლობა. ჭიქა სწორედ იმდენადაა ჭიქა, რამდენადაც ამ ფუნქციას, მიზანს ამართლებს, ანუ რამდენადაც ხდება ამ შესაძლებლობის აქტუალიზება, განამდვილება.

ჭიქისა და მაგიდის მაგალითების მსგავსად, შედარებით მარტივია გარკვეული მიზანი გამოვუძებნოთ ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას თავად ადამიანის საბოლოო მიზანზე, მის დანიშნულებაზე? ადამიანის, სოციალური ცხოველის საბოლოო მიზანი და საბოლოო ნება არისტოტელეს მიხედვით, „არის ბედნიერება“.[7] ამგვარად, ყველა ადამიანში დევს ბედნიერების შესაძლებლობა, ყველა მათგანი ბუნებრივად ფლობს ამ უნარს და რამდენადაც ბედნიერია ის, იმდენად უფრო ადამიანურიც, ადამიანობის დანიშნულების განმახორციელებელი გამოდის.

დუნს სკოტი ადამიანური შესაძლებლობის არაბუნებრივობაზე

უნარებისა და შესაძლებლობების ბუნებრივობაზე აპელირება, უფრო უნარიანი ინდივიდების დაწინაურება და პირიქით – ნაკლებად უნარიანთა საზოგადოებრივი იერარქიული წყობის დაბალ საფეხურებზე განთავსება თავის ვალიდურობას კარგავს, თუ ცნებებს: „შესაძლებლობა“, „უნარი“ განვმარტავთ XIII-XIV საუკუნეების ფილოსოფოსისა და თეოლოგის – იოანე დუნს სკოტის მსგავსად. ის, არისტოტელესავით, გამოყოფდა შესაძლებლობათა, უნართა ორ ტიპს: არარაციონალურსა და რაციონალურს. არისტოტელეს მიხედვით, არარაციონალურია შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის შედეგს იწვევს, ხოლო რაციონალურია, თუ ურთიერთსაპირისპირო შედეგების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, წვიმას არარაციონალური უნარის მეშვეობით შეუძლია დაასველოს (თუმცა არ შეუძლია სიმშრალის გამოწვევა). თუ კვლავ ჭიქის მაგალითს გამოვიყენებთ, მას შეუძლია იყოს ჭურჭელი დასალევად (თუმცა თუ ის ამ ფუნქციას არ ასრულებს, აღარ იქნება ჭიქა; ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ ხელში გვაქვს გამოუსადეგარი, „ყოფილი ჭიქა“). ამის საპირისპიროდ, მაგ. რაციონალური, მედიცინასთან დაკავშირებული უნარების შედეგად შესაძლებელია როგორც ადამიანის გამოჯანმრთელება, ასევე მისი მოწამვლა.[8]  დუნს სკოტი დაამატებს, რომ არარაციონალური შესაძლებლობები ეს იგივე ბუნებრივი შესაძლებლობებია. რაციონალური უნარი კი არის იგივე ნება, რომელიც საკუთარი თავისუფლებიდან გამომდინარე, თავად წყვეტს, როგორ განხორციელდეს, ის თავად ქმნის თავის სინამდვილეს.[9]

რატომ არის დუნს სკოტის ეს ოდნავ განსხვავებული წაკითხვა საინტერესო? საქმე ის არის, რომ შუა საუკუნეებში, ისევ არისტოტელეს გავლენით, ბევრი ლათინურენოვანი ავტორი წერდა, რომ ყველა ადამიანის საბოლოო მიზანია ბედნიერება. როლზის ლექსიკონში იმის მტკიცება, რომ უნარები და შესაძლებლობები გვეხმარება წარმატების მისაღწევად,[10] თითქოს ამ მოსაზრების გავლენას განიცდის, ოღონდ აქ სიტყვა „ბედნიერება“ შეცვლილია „წარმატებით“. აქაც თითქოს წინასწარ იგულისხმება, რომ წარმატება არის სასურველი მდგომარეობა და მხოლოდ ის არის გასარკვევი, რამდენად აქვს ინდივიდს საჭირო შესაძლებლობები ამ მდგომარეობის მოსაპოვებლად. ამ მიდგომის საპირისპიროდ, დუნს სკოტი ამტკიცებს, რომ „არ არსებობს რამე ისეთი მიზანი, რომელიც ნებას აუცილებლად მოუნდება“;[11] ნება საკუთარ ნებელობაში თავისუფალია.

დუნს სკოტის მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ ბევრი უნარი (თუნდაც დაწყებული სპორტისათვის შესაფერისი ფიზიკური უნარებით და დამთავრებული იშვიათი გონებრივი შესაძლებლობებით) ბუნებრივად მოგვეცემა. თუმცა მასთან ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი უნარები ობიექტურადაა საზოგადოებრივი მოწყობის საფუძველი. უნარები, ლატარეით მიღებული ეს მახასიათებლები მხოლოდ მაშინ გახდება საზოგადოების იერარქიულობის ობიექტური განმაპირობებელი, თუ ნებასაც წინასწარ განსაზღვრულ, ბუნებრივ შესაძლებლობად მივიჩნევთ და ვიტყვით, რომ ყველას ნებავს ბედნიერება ან თუნდაც წარმატება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ამ საყოველთაო ნების მისაღწევად საჭირო, ნაკლებად თუ მეტად სასურველი უნარებისა და მათ შესაბამისად, მათი მფლობელების დახარისხება-განაწილება საზოგადოებრივ იერარქიაში. ამის საპირისპიროდ, თუ დუნს სკოტის მსგავსად, დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ნება, ანუ რაციონალური შესაძლებლობა თავისუფალია, მაშინ საზოგადოებრივი სიკეთეების განაწილება ინდივიდთა შესაძლებლობებისა და უნარების საფუძველზე ისეთივე ყალბი და პირობითი გამოვა, როგორიც იყო უთანასწორობა მონად თუ ბატონად, ქალებად თუ კაცებად დაბადებულებს შორის. გამოვა, რომ საზოგადოება ინდივიდს ჯერ თავს ახვევს საკუთარ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ნებავდეს მას და შემდეგ კი ამავე ინდივიდს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ხელსაყრელია მისი შესაძლებლობები ამ საყოველთაო, წინასწარ განსაზღვრული სურვილების ასასრულებლად.

დასკვნა

რა არის ის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი? შესაძლებელია თუ არა ყველა ადამიანს მივუყენოთ კონკრეტული შინაარსის შესაძლებლობა (მაგალითად, ბედნიერება) და ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი იმდენად აკმაყოფილებს ადამიანურობის კრიტერიუმებს, რამდენადაც ახორციელებს ამ შესაძლებლობას?

თუ ამ შეკითხვებს ტელეოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე განვიხილავთ, მაშინ შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ: ადამიანობა გულისხმობს კონკრეტულ მიზანს – მაგ. ბედნიერების მიღწევას. თუ მსგავს დაშვებას გავაკეთებთ, მაშინ სოციალური სისტემის, იერარქიზაციის მოწყობა ამ კრიტერიუმის მიხედვით მისაღები უნდა იყოს.

მეორე მხრივ, გვაქვს დუნს სკოტისეული ხედვა: ადამიანის განსაკუთრებული შესაძლებლობაა მისივე ნება, რომლის წინასწარ განსაზღვრა, მისი ბუნების დადგენა შეუძლებელია, რადგან მისი ბუნება სწორედ ბუნების არქონა, თავისუფლება ანუ ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრების შეუძლებლობაა; ეს შესაძლებლობა არა მარტო არ განისაზღვრება საკუთარი ბუნებისა და სინამდვილის მიერ, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განსაზღვრავს საკუთარ სინამდვილეს, ბუნებას. თუ ადამიანისათვის დამახასიათებელი შესაძლებლობის განსაკუთრებულობა, მისი ბუნების განსაზღვრულობა განუსაზღვრელობაა, მაშინ გამოვა, რომ შესაძლებლობა-უნარებზე დამყარებული საზოგადოებრივი სისტემა არ არის ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ლეგიტიმური. თუ მოწყობის ეს ტიპი მისაღებია, მისაღებია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უკეთესი მოდელი ჯერ არ არსებობს.

 
სქოლიო

[1]  შდრ. არისტოტელე, „პოლიტიკა“ (1254b), მთარგმნ. თ. კუკავა (თბილისი 1995), გვ. 16: „ასევე მამაკაცი თავისი ბუნებით ქალზე უფრო ძლიერია, ქალი კი სუსტია, ამიტომ პირველი ხელმძღვანელია, მეორე დაქვემდებარებული. (...) ბუნებით მონა ისეთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია სხვას ეკუთვნოდეს და ეკუთვნის კიდეც.

[2]  შდრ. John Rawls, „A Theory of Justice“ (Cambridge: The Belknap Press of Harvard University Press 1999), გვ. 63-64: „While the liberal conception seems clearly preferable to the system of natural liberty, intuitively it still appears defective. For one thing, even if it works to perfection in eliminating the influence of social contingencies, it still permits the distribution of wealth and income to be determined by the natural distribution of abilities and talents. Within the limits allowed by the background arrangements, distributive shares are decided by the outcome of the natural lottery; and this outcome is arbitrary from a moral perspective.

[3] შდრ. Adam Hosein, „Natural talents“, in: Jon Mandle and David A. Reidy (eds.), The Cambridge Rawls Lexicon (Cambridge: Cambridge University Press 2015), გვ. 553: “A person’s ‘Natural Talents’, as Rawls uses the term, are roughly the set of abilities that they were ‘born with’ that effect their success in life.

[4] Thomas Nagel, „Justice and Nature“, in: Oxford Journal of Legal Studies, Vol. 17, No. 2 (Summer, 1997), გვ. 309.              

[5] Thomas Nagel, „Justice and Nature“, გვ. 305.

[6] შდრ. არისტოტელე, „ნიკომაქეს ეთიკა“ (1094a), მთარგმნ. თ. კუკავა (თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2003), გვ. 25: „ყოველი პრაქტიკული ცოდნა და ყოველი მეთოდი, ისე როგორც მოქმედება და არჩევანი, რაიმე სიკეთეს ისახავს მიზნად. მაშ სწორად გვითქვამს, რომ სიკეთე არის ისეთი მოვლენა, რისკენაც მიისწრაფვის ყველა. (...) ცხადია, უნდა არსებობდეს საბოლოო მიზანი და რომ ეს მიზანი უნდა იყოს სიკეთე.“

[7] არისტოტელე, „ნიკომაქეს ეთიკა“ (1095a), გვ. 27.

[8] შდრ. არისტოტელე, „მეტაფიზიკა“, 1046b, მთარგმნ. თ. კუკავა (თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1964), გვ. 180-182: „ის უნარნი, რომლებიც დაკავშირებული არიან განსჯასთან, იწვევენ საპირისპირო შედეგებს, ხოლო რომლებიც არ უკავშირდებიან განსჯას - მხოლოდ ერთს.“

[9] შდრ. Ioannes Duns Scotus, “Quaestiones super libros Metaphysicorum Aristotelis” 9, q. 15, n. 22: „Iste autem modus eliciendi operationem propriam non potest esse in genere nisi duplex. Aut enim potentia ex se est determinata ad agendum, ita quod, quantum est ex se, non potest non agere quando non impeditur ab extrinseco. Aut non est ex se determinata, sed potest agere hunc actum uel oppositum actum; agere etiam uel non agere. Prima potentia communiter dicitur ‘natura’, secunda dicitur ‘uoluntas’.“

[10] იხ. მე-3 შენიშვნა.

[11] Ioannes Duns Scotus, „Ordinatio“ 2, d. 39, q. 6.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. არისტოტელე. „მეტაფიზიკა“. მთარგმნ. თ. კუკავა. თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. 1964.

2. არისტოტელე. „ნიკომაქეს ეთიკა“. მთარგმნ. თ. კუკავა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2003.

3. არისტოტელე. „პოლიტიკა“. მთარგმნ. თ. კუკავა. თბილისი. 1995.

4. Ioannes Duns Scotus. The Ordinatio of blessed John Duns Scotus, translated by Peter L P Simpson. 2020.

5. Ioannes Duns Scotus.  Quaestiones super libros Metaphysicorum Aristotelis. libri 6-9. Edd. Robert Andrews et al. Opera philosophica 4. New York: St. Bonaventure University Press, 1997.

6. Hosein, Adam. „Natural talents“. In: Jon Mandle and David A. Reidy (eds.). The Cambridge Rawls Lexicon. Cambridge: Cambridge University Press. 2015.

7. Nagel, Thomas. „Justice and Nature“. In: Oxford Journal of Legal Studies, Vol. 17, No. 2. Summer, 1997.

8. Rawls, John. „A Theory of Justice“. Cambridge: The Belknap Press of Harvard University Press. 1999.

 
 

Ana Lomadze

Potentialities and Abilities: Natural reason of Social Hierarchy or Excuse for Social inequality?

Aristotle’s and Duns Scotus’ Answers

Summary

Are human abilities and potentialities natural way of making social hierarchy or are they just excuse for social inequality? The goal of this paper is to answer to this question according to Aristotle's and John Duns Scotus' philosophy. On the one hand, Aristotle’s teleological worldview and his theory of potentiality/actuality lead us to believe, that every human aims to be happy and all of them have passive potentiality to actualize this goal. From this point of view, abilities and potentialities seem natural and fair indicator of a human’s position in social life. On the other hand, Duns Scotus considers that it is impossible to predict what a human’s will and aim will be. A human’s special potentiality is her free will, which can refuse any kind of positive content (e.g. happiness). If we consider that a human’s peculiar potentiality is negative, it would be doubtful, whether it is natural and fair to hierarchize a social system according to human’s positive abilities and potentialities.