ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნიკოლოზ ჭარხალაშვილი
ტირანის ბედი პლატონის „სახელმწიფოს“ მიხედვით

კვლევის მიზანია, პლატონის (ძვ.წ. 427-347) „სახელმწიფოს“ IX წიგნის მიხედვით, გავიაზროთ, თუ რას მოუტანს მმართველობის ტირანული ფორმა თავად მმართველსა და სახელმწიფოს. ჩვენ განვიხილავთ ტირანის ბუნებას, მის ბედს. გავეცნობით სულის სამგვარ საწყისს პლატონურ ფილოსოფიაში: შემმეცნებელ, აღმგზნებ და გულისთქმის აღმძვრელ საწყისებს. შევეცდებით გავიგოთ, თუ რატომ არის სულის შემმეცნებელი საწყისის მქონე, სიბრძნისმოყვარე ადამიანი, ყველაზე ბედნიერი. ტირანის ბედის ანალიზის ფონზე, დავადგენთ, სამართლიანი მმართველობის პრინციპებს.

პლატონის „სახელმწიფო“ როდი ეხება მხოლოდ იდეალური სახელმწიფოს პლატონურ ინტერპრეტაციას, - დიალოგში წარმოდგენილია ფილოსოფოსის ნააზრევი: სიკეთეზე, სამართლიანობაზე, ცოდნაზე, სწავლა-განათლებაზე, სიმამაცეზე, მოვალეობებზე, ხელოვნებასა, თუ სულის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე (ცხადია, არასრულად). პლატონი „სახელმწიფოს“ I-II წიგნებში, ცდილობს დაადგინოს სამართლიანობის (მე-4 სიქველის) ბუნება. იგი დასძენს, რომ არაა სამართლიანი კეთილი საქმე მხოლოდ მოყვარეს გაუკეთო და მტერს ავნო. ფილოსოფოსი ეწინააღმდეგება თრასიმაქეს თვალსაზრისს, რომ სამართლიანობა ის მოქმედებაა, რომელიც ძლიერთათვისაა სასარგებლო. პლატონი დასძენს, რომ სამართლიანი ადამიანი არავის ავნებს. სამართლიანობა ზრუნვაა საერთო სარგებლობისთვის, სამართლიანია წოდებათა შორის არსებული ჰარმონიაც. სახელმწიფოში ყველამ თავისი საქმე უნდა აღასრულოს პირნათლად.

პლატონი „სახელმწიფოს“ VIII წიგნში განიხილავდა მმართველობის სხვადასხვა ფორმებს: არისტოკრატიას, ტიმოკრატიას, ოლიგარქიასა და დემოკრატიას. გადაგვარებული დემოკრატიული მმართველობის სისტემა ტირანიის მშობელი აღმოჩნდება. საინტერესოა, როგორ მიმოიხილავს პლატონი ვრცლად ტირანული მმართველობის რეჟიმს. IX წიგნის დასაწყისში, თანმიმდევრულადაა განხილული ტირანი ადამიანის „დაბადების“ პროცესი დემოკრატიული ადამიანისგან. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც შეპყრობილია ყოველგვარი მანკიერი გრძნობით? ის უსუსურია. მანკიერი ვნებები პიროვნებას დაბადებიდან სპობენ, აბრმავებენ. ამ დროს: „სულის მთავარი, გონივრული და თვინიერი საწყისი თვლემს“ (პლატონი, გვ: 231). სულის უგუნური და ველური საწყისი ფხიზლობს ადამიანში. ველური გრძნობები თავშეკავებულ ადამიანშიც ბუდობს, რომლებიც უმთავრესად სიზმრებში ცხადდება ხოლმე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავშეკავებულ ადამიანს აქვს უნარი, შეძლებისდაგვარად, დათრგუნოს ყოველგვარი ვნება. ადამიანი, დაბადებიდან თუ არა, სიყრმიდან, შეძლებული მამის ყურადღების ქვეშ იზრდება. საწყის ეტაპზე, მისთვის ფუფუნებაა უმთავრესი, მაგრამ როდესაც ის შემცდარ ადამიანებს შეუერთდება, მანკიერ თვისებებსაც გაიმრავლებს. მან არ იცის რომელი მხარეა უკეთესი: ხელმომჭირნე მამისა, თუ ბილწი საზოგადოების. ორივე მხარის თვისებებს მოიცავს საკუთარ თავში (ეს არის პროცესი, თუ როგორ გარდაიქმნება ოლიგარქი ადამიანი დემოკრატად). როდესაც ეს დემოკრატი კაცი წამოიზრდება და გახდება მამა, შვილიც შემცდარი ეყოლება. ვნება, რომელიც შემცდარ ადამიანში სახლობს, „ვეება მამალი ფუტკარია“ (პლატონი, გვ: 232). ასეთი ადამიანი იქნება მფლანგველი, ჯიუტი, მშობელთა შემრისხავი, დაცლილი ყოველგვარი სიკეთისგან, შლეგიანი და ამაზრზენი. ამდენად, პლატონს სურს გვაჩვენოს - რა თვისებებს მოიცავს ადამიანი საკუთარ თავში, ვიდრე ტირანად ჩამოყალიბდება.  

პლატონი ეხება ეროსის საკითხსაც. ეროსსაც არ მოიხსენიებენ ტყუილად, როგორც ტირანს, ეროსი ადამიანებს ამონებს, ამიტომ ტირანი ადამიანი არაფრით ჩამორჩება შლეგსა და შერეკილს (ეს არ არის ერთადერთი პლატონური ინტერპრეტაცია ეროსისა, იხ. „ნადიმი“, „ფედროსი“...), რომელსაც ღმერთების დამონებაც კი სწადია. ასეთი ადამიანი უამრავი მანკიერი თვისების მატარებელია: იპარავს, მრუშობს, ძალადობს და მზაკვრობს. მისი მიზანი შლეგური სურვილების დაოკებაა და როგორც საკუთარ დედ-მამაზე აღმართვს იგი ხელს, ასე აღმართავს სამშობლოზეც. ტირანი ადამიანები არასანდონი და უკიდურესად უსამართლონი არიან, ამიტომ პლატონისთვის ტირანული სახელმწიფო ტირანული სულის გამომჟაღვნებაა. ფილოსოფოსი მეფე ვერ იქნება ტირანი, რადგან მას შესაბამისი განათლება აქვს. იმისთვის, რათა უკეთ გავიაზროთ აღნიშნული საკითხი, განვიხილოთ ფილოსოფიის ერთ-ერთი განსაზღვრება პლატონის „სახელმწიფოს“ V წიგნის ბოლო ნაწილისა და VI-VII წიგნების მიხედვით. ამ წიგნებში პლატონი დასძენს, რომ ფილოსოფია სწრაფვაა ჭეშმარიტი შემეცნებისკენ, ჭეშმარიტი ცოდნის განსასაზღვრად, აუცილებელია, იმთავითვე დავინახოთ განსხვავება შეხედულებასა და ცოდნას შორის. შეხედულება მიმართულია იმაზე, რაც წარმავალია, ხოლო ცოდნა თავისთავად არსებულს მიემართება, მყარი, მარადიული და თვითკმარია. ის, ვინც თავისთავად ცოდნას შეჰხარის - სიბრძნისმოყვარეა. ფილოსოფოსი ჭეშმარიტების მოტრფიალეა და იდეალურ სახელმწიფოს ჭეშმარიტი ფილოსოფოსი მეფე უნდა ჩაუდგეს წინამძღოლად, რომელიც იქნება ბრძენი, საიმედო, შეუწყობს ხელს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის სამართლიან და ჰარმონიულ თანამშრომლობას. თუმცა, ამგვარი თვისებები იშვიათად ვლინდება თავისთავად, ამიტომ მათ უნდა მიეცეთ სათანადო განათლება. ის, რაც არის მზე ხილულ სამყაროში, არის სიკეთის იდეა აზროვნებით საწვდომ სამყაროში. ხაზის ანალოგიაში პლატონი წარმოგვიდგენს: გრძნობად საგნებს, მათ ანარეკლებს, მათემატიკურ ობიექტებსა (რომლებიც შორდებიან გრძნობად სამყაროს და უახლოვდებიან იდეალურს) და იდეებს. არსებობს არა მხოლოდ ცალკეული, ხილული საგნების სამყარო, არამედ იდეების სამყაროც, რომელსაც მხოლოდ აზროვნებით შეგვიძლია ჩავწვდეთ. ადამიანი, რომელიც გააცნობიერებს თავის უვიცობას (გამოვა "გამოქვაბულიდან"), დაიწყებს სინამდვილის შეცნობას. სრულყოფილი ცოდნის ფლობა შესაბამის განათლებას მოითხოვს. განხილულია, ის სასწავლო დისციპლინები, რომლებსაც უნდა ფლობდეს ფილოსოფოსი მეფე: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა (კვადრიუმი). აგრეთვე, ნამდვილი ფილოსოფია დიალექტიკის გარეშე არ არსებობს. ამგვარი განათლებით (აგრეთვე, გიმნასტიკა და სამხედრო სწავლება), 50 წლის პიროვნება ყველანაირად მზადაა იმეფოს და იზრუნოს სახელმწიფოს კეთილდღეობაზე, მან იცის ზომიერების მნიშვნელობა, ხოლო ტირანი ადამიანი მოკლებულია ყოველგვარ ზომიერებას, იგი უკიდურესად მანკიერია.

„ზომიერება პლატონთან ერთგვარი ჰარმონიაა. წინა თვისებების საპირისპიროდ, იმისათვის რომ სახელმწიფოს მიეწეროს ეს თვისება, მისი ყველა წევრის ძალისხმევაა საჭირო. ზომიერება უნდა ახასიათებდეთ მმართველებსაც და ქვეშევრდომებსაც. სახელმწიფოში მმართველები და ქვეშევრდომები თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ უნდა მბრძანებლობდეს“  (ჯალაღონია, გვ: 54).

მაგრამ ტირანი ადამიანი სასტიკად ეგოისტია, იგი არავისთან თანხმდება, მას ბევრი მონა ჰყავს და არ ეშინია მათი, ვინაიდან კერძო პირების იმედი აქვს, თუმცა იგი ამავდროულად უსუსურიცაა, რადგან თუ ღმერთი ტირანს უდაბნოში გადაიყვანს ოჯახითურთ და მონათა თანხლებით, იგი ძრწოლას მიეცემა, დაიწყებს პირფერობას, შეეშინდება მონებისაგან მოსალოდნელი აჯანყებისა, აგრეთვე უარეს დღეში ჩავარდება, თუკი მეზობლად ისეთ ხალხს შემოვახვევთ, ვისაც მმართველობის ეს უვარგისი ფორმა ეჯავრება.

როგორც ირკვევა, ტირანია მმართველობის უვარგისი ფორმაა და მასზე უარესი მმართველობის რეჟიმი არ არსებობს. IX წიგნში პლატონი მმართველობების საბოლოო ფორმულირებას წარმოგვიდგენს უკეთესიდან უარესისკენ: არისტოკრატია, ტიმოკრატია, ოლიგარქია, დემოკრატია და ტირანია. როგორც სახელმწიფოა დაყოფილი სამ სხვადასხვა წოდებად, ისე ყოველი ადამიანის სულში განირჩევა სამი სხვადასხვა საწყისი. პირველი - სულის შემმეცნებელი საწყისია, ამგვარი სულის საწყისის მატარებელია სიბრძნისმოყვარე (ფილოსოფოსი) ადამიანი, იგი კეთილგონიერია და აქვს მსჯელობის უნარი, როგორც იარაღი. მეორე - სულის აღმგზნები საწყისია და ამ საწყისის მქონე ადამიანს ახასიათებს სიშლეგე და ძლევის ტრფიალი. სულის მესამე საწყისი - გულისთქმის აღმძვრელი საწყისია. ვერცხლისმოყვარე, ანგარებიანი ადამიანი მსუნაგია, სასიყვარულო განცხრომას ესწრაფვის, აქვს ფუფნებისადმი გამძაფრებული ლტლოვა, იგი სულის მესამე საწყისის მატარებელია. სულის შემმეცნებელი საწყისის მქონე ადამიანი ყველაზე უკეთ იცნობს სულის მეორე და მესამე საწყისებს, ვიდრე სხვანი, რადგან მას გაუსინჯავს როგორც პატივის, ისე ფუფუნების გემო, თუმცა მაინც სიბრძნისადმი სწრაფვა არჩია, ამიტომ იგი ცამდე ამაღლებულია სხვებთან შედარებით. საბოლოოდ, ირკვევა, რომ ფილოსოფოსი მეფე 729-ჯერ ბედნიერია, ვიდრე ტირანი. პლატონი გვიხატავს მხეცს, ლომკაცის ჰიბრიდს, ქიმერას, რომელიც უნდა არეგულირებდეს ურთიერთ საწადელს, თუ ლომს მივცემთ გასაქანს, იგი დაბრდღვნის ყოველივეს - ამას ამტკიცებს ის, ვისთვისაც უსამართლობა სასარგებლოა, ხოლო სამართლიანი ადამიანი მრავალთავა მხეცს ადამიანს დაუყენებს პატრონად, იგი მოუვლის და დაამშვიდებს ურჩხულს.

ამრიგად, ადამიანისთვის მავნეა: თავაშვებულობა, ქედმაღლობა, სიფიცხე, ფუფუნება და პირმოთნეობა. მართალი ყოველთვის ის იქნება, ვინც აქებს სამართლიანობას, მის მაგინებელს კი არაფერიც არ ესმის, თვით ისიც კი, რასაც აგინებს, უსამართლობის მაქებარი ადამიანი ცრუა.

„ასეთია, ინდივიდთან მიმართებაში, პასუხი ჩვენს შეკითხვაზე: "რა არის სამართლიანობა?" ეს არის შინაგანი ჰარმონია, ხასიათის სხვადასხვა ელემენტს შორის თანაზომიერებისა და ორგანიზებულობის მდგომარეობა. ასეთი გაწონასწორებული და მოწესრიგებული ხასიათი არ შეიძლება, არ გამოვლინდეს მოქმედებაში, რომელსაც, ჩვეულებრივ, სამართლიანს უწოდებენ, ამ თვალსაზრისით, სამართლიანობა სულის სიჯანსაღეა, უსამართლობა კი თავისებური ავადმყოფობა“ (გათრი, გვ: 126).

ნიშანდობლივია, რომ უსამართლო კაცს, დანაშაულის მიჩქმალვა არ არგებს, პირიქით, იგი ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგებაში იწრთობა და ხელახლა იბადება. ზომიერი კაცი ყველა სულიერი საწყისის გემოს იგებს, თუმცა მაინც, სიბრძნეს, სამართლიანობას იხდის წინამძღვრად და პლატონის მიხედვით, სწორედ ასეთი მმართველი სჭირდება სახელმწიფოს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. პლატონი, „სახელმწიფო“, მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე, “ნეკერი“, 2003, თბილისი.

2. გათრი უ, „ბერძენი ფილოსოფოსები“, მთარგმნელი: გიორგი ნოდია, „საბჭოთა საქართველო“, 1983, თბილისი.

3. ჯალაღონია დ, „პოლიტიკური ფილოსოფია“, „ლოგოსი“, 2018, თბილისი.

4. Marshall M, “A Problem for the Political Reading of Plato’s Republic”, 2010, Binghamton University: https://orb.binghamton.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1347&context=sagp

 

Nikoloz Tcharkhalashvili

The fate of the tyrant according to Plato's "Republic”

Summary

Plato's (427-347 BC) "Republic" is not just a Platonic interpretation of the ideal state. The dialogue presents the philosopher's thought about: justice, knowledge, duties, art, etc. In the 9th chapter, Plato describes how a tyrannical man develops from a democratic household. tyranny is the regime with the least freedom and happiness, and the tyrant is most unhappy of all, since the regime and soul correspond. The wisdom-loving soul is best equipped to judge what is best through reason, and the wise individual judges wisdom to be best, then honor, then desire. This is the just proportion for the city or soul and stands opposite to tyranny, which is entirely satiated on base desires. Socrates considers the multiple of how much worse tyranny is than the kingly/wise temperament, and even quantifies the tyrant as living 729 times more painfully than the king. He then gives the example of a chimera to further illustrate justice and the tripartite soul. The discussion concludes by refuting Thrasymachus' argument and designating the most blessed life as that of the just man and the most miserable life as that of the unjust man.