ჟურნალი ნომერი 2 ∘ ღვთისავარ ჩაბრავა
ინდუისტური ფილოსოფიის მორალურ-თეოლოგიური საფუძვლები

ინდური ფილოსოფია სხვადასხვა ინდოელი მოაზროვნეების, ძველი და თანამედროვე ინდუისტებისა და არაინდუისტების, თეისტებისა და ათეისტების ფილოსოფიური თეორიების ერთობლიობაა. უძველესი დროიდან იგი მუდმივად ვითარდებოდა. ინდური ფილოსოფიის თითქმის ყველა ტექსტი დაწერილია სანსკრიტულ ენაზე (ძველინდურზე, რომელსაც მეორენაირად ეწოდება „დევანაგარი“). ვინაიდან ინდურ ფილოსოფიაში პრაქტიკულად ყველაფერი დაკავშირებული იყო ცნობილ ავტორიტეტულ რელიგიურ ტექსტებზე კომენტარების დაწერასთან, ძველი ევროპელი მკვლევარები თვლიდნენ, რომ ინდური ფილოსოფია უნდა განისაზღვროს, როგორც ფილოსოფიის პრეისტორია, თუმცა სინამდვილეში ის დასავლური ფილოსოფიის პარალელურად ვითარდებოდა, ოღონდაც სხვა ფორმით.

შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული ფილოსოფიის მსგავსად, ინდური ფილოსოფიაც ძირითადად რელიგიურ საკითხებს ეხებოდა, ის დიდ  ყურადღებას აქცევდა ტრანსცენდენტურის შეცნობაზე ფიქრს. ამის მიზეზია ის, რომ ინდუსებს სჯერათ ციკლურად განმეორებადი კოსმიური პროცესის მარადიულობისა. აქედან გამომდინარე, ინდოეთში ისტორიის ფილოსოფია არ შექმნილა. ესთეტიკა და საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის შესახებ სწავლება მათთვის ცალკე მეცნიერებებია [С. Чаттерджи, Д. Датта. Введение в индийскую философию. 1955. Стр. 17].

ინდური ფილოსოფია იყოფა სამ ისტორიულ პერიოდად:

1. ვედური პერიოდი (ძვ. წ. 1500-500).                                             

2. კლასიკური ანუ ბრაჰმანულ-ბუდისტური პერიოდი (ძვ. წ. 500 - ახ. წ. 1000).

3. პოსტკლასიკური პერიოდი ანუ ინდუისტური პერიოდი (ახ.წ. 1000 წლიდან).

ვედური პერიოდი

რიგ ვედას და სხვა ვედების მსოფლმხედველობას ახასიათებს უკიდურესი პლურალიზმი: ღმერთები, ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, ელემენტები, სეზონები, სამყაროს მხარეები, მსხვერპლშეწირვები, თვისებები, სხეულის ნაწილები, სულიერი შესაძლებლობები და ა.შ. ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.

კლასიკური პერიოდი

კლასიკური პერიოდის განმავლობაში ჩნდება ინტერესი ეთიკური საკითხების მიმართ. ამ პერიოდში იწყება აქტიური მსჯელობა მორალზე და ყალიბდება მორალის ფილოსოფია დაფუძნებული ვედების ავტორიტეტზე. აგნოსტიკოსები, მატერიალისტები და ფატალისტები ეწინააღმდეგებიან ბრაჰმანებსა და რეფორმატორებს. ბრაჰმანიზმთან ერთად ათეისტური ლოკაიატა და ახალი რელიგიური სწავლებები ჩნდებიან. ვითარდებიან ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლები, სახელწოდებით დარშანები. მოგვიანებით, ისინი იყოფიან ორთოდოქსულ (ვედების ავტორიტეტზე დაფუძნებულ) და არაორთოდოქსულ (ვედების წინააღმდეგ განწყობილ) სისტემებად. ამ ეპოქაში აქტიურად ვითარდება ბუდიზმი [М. Мюллер - Шесть систем индийской философии. 1995. Стр. 6]. 

ინდუისტური პერიოდი

კლასიკური ინდუისტური ფილოსოფიის პერიოდში ბუდიზმი ინდოეთში ქრება, ხოლო  ჯაინიზმი კარგავს თავის მნიშვნელობას. ვედანტა და ნიაია ვაიშეშიკა კვლავ ვითარდებიან; ამ ეპოქას ახასიათებს, პირველ რიგში, თეისტური ვიშნუიტური და შივაიტური სისტემების გაჩენა, რომლებიც სქოლასტიკური ფორმით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ბრაჰმანის სუტრებში ნახსენები ბრაჰმანი არის ღმერთი ვიშნუ, ან შივა. ამ პერიოდში ნაწილობრივ დომინირებდა ტანტრიზმი და შაქტიზმი. ახ.წ. 1000 წლიდან, ისლამის გავლენით, წარმოიშვა არაერთი მონოთეისტური სარწმუნოება, მაგალითად: კაბირპანთჰი და სიქჰიზმი [М. Мюллер - Шесть систем индийской философии. 1995. Стр. 9]. 

დარშანები (ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლები)

მას შემდეგ, რაც ვედური პერიოდი დასრულდა, ინდური ფილოსოფია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე მთელი ორი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა. ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის წიაღში გაჩნდა ექვსი მთავარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლა, რომელთაც ეწოდათ საერთო სახელი - „ასტიკა“. შემდგომში ეს სკოლები გაიგივებული იქნენ კლასიკურ ინდუიზმთან (რომელიც იშვა ბრაჰმანიზმიდან) [М. Мюллер - Шесть систем индийской философии. 1995. Стр. 3].   

ინდუიზმის ფილოსოფია იყოფა ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნების ექვს ორთოდოქსულ სკოლად ანუ დარშანად, რომელთა სახელწოდებებიცაა: სანკჰია, იოგა, ნიაია, ვაიშეშიკა, მიმანსა (იგივე მიმამსა) და ვედანტა.

1. სანკჰია („გამოანგარიშება“, „გამოთვლა“)

სანკჰია ითვლება ინდუიზმის ორთოდოქსული ფილოსოფიური სისტემებიდან უძველესად, რომლის შექმნაც მიეწერება ბრძენ კაპილას. სანკჰიაში ნათქვამია, რომ ყველაფერი მოქმედებაში მოდის და იბადება პურუშას (ცნობიერი სულის) და პრაკრიტის (მატერიის, შემოქმედებითი პოტენციალის, ენერგიის) ურთიერთქმედების შედეგად. ინდივიდუალური ცნობიერების მქონე სულების უსასრულო ლეგიონები არსებობენ. პრაკრიტის ანუ მატერიას, აქვს სამი ძირითადი თვისება: სტაბილურობა (სატვა), მოქმედება (რაჯასი) და უმოქმედობა (ტამა), რომლებიც ცნობილი არიან, როგორც მატერიალური ბუნების სამი მოდუსი. პრაკრიტისა და ინდივიდუალური სულების (პურუშების) ურთიერთქმედება არის მატერიალურ სამყაროში არსებობის მიზეზი. განთავისუფლება (მოქშა) მიიღწევა მას შემდეგ, რაც სული გათავისუფლდება მატერიალური ბუნების მოდუსების გავლენისგან. ზოგადად მიღებულია აზრი, რომ სანკჰია თავდაპირველად ათეისტური ფილოსოფია იყო, რომელიც მოგვიანებით იოგას გავლენის ქვეშ მოექცა და ინდური ფილოსოფიის თეისტურ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

2. იოგა („ღვთაებრივი კავშირი“)

ინდურ ფილოსოფიაში იოგა არის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან მეექვსე. ბრძენი პატანჯალი ითვლება ამ სკოლის დამაარსებლად. მან მოახდინა იმ დროისთვის დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების სისტემატიზაცია და ეს ყველაფერი წარმოადგინა იოგა სუტრების ტექსტში.

იოგის ფილოსოფიური სისტემა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული სანკჰიას სკოლასთან. სანკჰიას ფსიქოლოგიისა და მეტაფიზიკის გათვალისწინებით, იოგა უფრო თეისტური სკოლაა, ვიდრე სანკჰია, რადგანაც იოგა პიროვნულ უფალს უმატებს სანკჰიას ფილოსოფიაში ჩამოთვლილ ოცდახუთ კოსმიურ ელემენტს, რომლებსაც ეწოდებათ „ტატვები“.

იოგის სკოლის მთავარი ტექსტია პატანჯალის იოგა სუტრები [С. Чаттерджи, Д. Датта. Введение в индийскую философию. 1955. Стр. 49].  

3. ნიაია („კანონი“, „წესი“)

ნიაიას ფილოსოფიურ სკოლას საფუძვლად უდევს „ნიაია-სუტრები“, რომლებიც შეადგინა აქშაპადა გაუტამამ, სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. ინდუიზმის ფილოსოფიის განვითარებაში ამ სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი იყო მისი მეთოდოლოგია, რომელიც ემყარებოდა ლოგიკურ სისტემას, რომელიც შემდგომში ინდური ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლების უმეტესობამ მიიღო. ეს შეიძლება შევადაროთ დასავლურ მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის ურთიერთობას, რომელიც ძირითადად არისტოტელესეული ლოგიკიდან მომდინარეობს.

ნიაიას მიმდევრებს სჯეროდათ, რომ ჭეშმარიტი ცოდნის მიღება ტანჯვისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გზა იყო და ყველა ღონეს ხმარობდნენ ამ ჭეშმარიტი ცოდნის წყაროების დასადგენად, ისწავლეს მისი გარჩევა ცრუ ვარაუდებისა და სუბიექტური შეხედულებებისგან [С. Чаттерджи, Д. Датта. Введение в индийскую философию. 1955. Стр. 42].  

4. ვაიშეიკა („განსაკუთრებული“, „გამორჩეული“)

ვაიშეშიკას სკოლა დააარსა ბრძენმა კანადა ულუკამ და გამოირჩეოდა ატომისტური პლურალიზმით. მატერიალური სამყაროს ყველა ობიექტი შემცირებულია გარკვეული ტიპის ატომებამდე და ბრაჰმანი ითვლება თავდაპირველ ძალად, რომელიც ამ ატომებს აძლევს ცნობიერებას.

მიუხედავად იმისა, რომ ვაიშეშიკას სკოლა თავიდანვე ნიაიასგან დამოუკიდებლად განვითარდა, მათი მეტაფიზიკური ცნებების მსგავსების გამო, შემდგომში ისინი გაერთიანდნენ ერთ სისტემაში. კლასიკური ფორმით, ვაიშეშიკას სკოლას აქვს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ნიაიასგან: ნიაია იღებს ჭეშმარიტი ცოდნის ოთხ წყაროს, ვაიშეშიკა მხოლოდ ორს იღებს - აღქმასა და დასკვნას.

5. მიმანსა („კვლევა-ძიება“, „ფიქრი“)

მიმანსას (სხვაგვარად „პურვა მიმამსას“) სკოლა დააარსა ბრძენმა ჯაიმინიმ. ამ სკოლის მთავარი მიზანი იყო ვედების ავტორიტეტის დამკვიდრება. ამ სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ინდუიზმის განვითარებაში იყო ვედური ცოდნის ინტერპრეტაციის წესების შემუშავება. მიმანსას მიმდევრები თვლიან, რომ ინდივიდს ვედების ურყევი რწმენა უნდა ჰქონდეს და რეგულარულად ასრულებს ვედურ იაჯნას - ცეცხლის მსხვერპლს. მათ სჯერათ, რომ ვედური მანტრების ძალა და ცეცხლის შეწირვები ხელს უწყობს საქმიანობას სამყაროში. მიმამსის მიმდევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დჰარმას, რომელიც მათთვის ვედური რიტუალების შესრულებაა.

6. ვედანტა („დასრულებული ცოდნა“)

ვედანტა, სხვაგვარად - „უტტარა-მიმანსა“, ყურადღებას ამახვილებს არა რიტუალიზმზე, არამედ უპანიშადებში გადმოცემულ მისტიკურ ფილოსოფიაზე.

ვედური ტრადიციული რიტუალიზმი არ გაქრა, უბრალოდ დაიწყო ცოდნაზე ორიენტირებული რელიგიური ფილოსოფიის აღმოცენება და განვითარება. ვედური რელიგიის მისტიკური ასპექტები, რომლებიც ემყარებოდდნენ მედიტაციას, თვითდისციპლინას და სულიერ განვითარებას და არა რიტუალურ პრაქტიკას, ძალიან დიდი სიჩქარით ვითარდებოდნენ და წარმოშობდნენ ახალ დოქტრინებს და ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სკოლებს.

ვედანტას სისტემა ასახავს ვედების ძირითად არსს, როგორც ეს მოცემულია უპანიშადებში. ვედანტა ძირითადად ემყარება ვედურ კოსმოლოგიას, საგალობლებს და ფილოსოფიას. ერთ-ერთი უძველესი უპანიშადია, ბრიჰადარანიაკა-უპანიშადა, დაახლოებით ძვ.წ. X-ე საუკუნით თარიღდება. არსებობს უპანიშადების კანონი, სახელწოდებით „მუქტიკა“, რომელიც შედგება 108 კანონიკური უპანიშადისგან, რომელთაგან 11 წარმოადგენს „მუკჰიას კანონს“ და ითვლება ყველაზე უძველეს და მნიშვნელოვან ტექსტად.

ვედანტა-სუტრების აფორიზმები წარმოდგენილია იდუმალი, პოეტური სტილით, რამაც მათ ყველაზე მრავალფეროვანი ინტერპრეტაცია მისცა. ამის შედეგად, ვედანტა დაიყო ექვს სკოლად, თითოეულმა ტექსტმა საკუთარი ინტერპრეტაცია გასცა და შექმნა საკუთარი კომენტარი მათზე. ზოგიერთი მათგანი ქვემოთ არის აღწერილი.

 ვედანტას სკოლები (განშტოებები):

 ადვაიტა („არადუალიზმი“)

ადვაიტა ხშირად ითვლება ყველაზე ცნობილ ვედანტას სკოლებში. ადვაიტა სიტყვასიტყვით ნიშნავს ნონდუალობას. მის ფუძემდებლად ითვლება შანკარა (ახ.წ. 788-820 წლები), რომელიც აგრძელებდა ზოგიერთი უპანიშადელი მასწავლებლის ფილოსოფიურ ხაზს, კერძოდ კი მისი პარამა-გურუს - გაუდაპადას ხაზს. გამოცდილების სამი ეტაპის ანალიზით მან დაამტკიცა, რომ არსებობს ერთადერთი ღვთაებრივი სინამდვილე, რომელშიც ინდივიდუალური სული და ბრაჰმანი ერთია და არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ღმერთის პიროვნული ასპექტი - იშვარა, უპიროვნო ბრაჰმანის მანიფესტაციის როლს ასრულებს ადამიანის მატერიალური გონებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ილუზიის ენერგიის (მაჰამაიას) გავლენის ქვეშ იმყოფება [С. Чаттерджи, Д. Датта. Введение в индийскую философию. 1955. Стр. 307].

ვიშიშტა-ადვაიტა (შეზღუდული მონიზმი“)

რამანუჯა (1040-1137) იყო ყოვლისშემძლე ღმერთის, როგორც გარკვეული ფორმის, სახელისა და ატრიბუტების მქონე ზესულის არსებობის იდეის მთავარი მომხრე. მან ვიშნუ განიხილა, როგორც აბსოლუტის თავდაპირველი, პიროვნული ფორმა და ასწავლიდა, რომ რეალობა თავს იჩენს სამ ასპექტში, როგორც ვიშნუ, როგორც სული (ჯივა) და მატერია (პრაკრიტი). ამ სამიდან მხოლოდ ვიშნუს აქვს სრული დამოუკიდებლობა - მასზეა დამოკიდებული ჯივების და პრაკრიტის არსებობა. აქედან გამომდინარე, რამანუჯას ფილოსოფიური სისტემა ცნობილია როგორც "შეზღუდული მონიზმი".  რამანუჯა ასწავლიდა, რომ სამყარო ესაა უფლის სხეული, მისი გაგრძელება [С. Чаттерджи, Д. Датта. Введение в индийскую философию. 1955. Стр. 348].

 დვაიტა („დუალიზმი“)

რამანუჯას მსგავსად, მადჰვაჩარია (1238-1317) ბრაჰმანს ვიშნუსთან აიგივებდა, მაგრამ რეალობის ხედვა პლურალისტური იყო. არსებობს სამი ძირითადი რეალობა: ვიშნუ, ჯივა და პრაკრიტი, რომელთა შორის ხუთი ძირითადი განსხვავებაა: 1. ვიშნუ განსხვავდება ჯივებისგან, 2. ვიშნუ განსხვავდება პრაკრიტისგან, 3. ჯივები განსხვავდება პრაკრიტისგან, 4. თითოეული ჯივა განსხვავდება სხვა ჯივასგან, 5. პრაკრიტი განსხვავდება სხვა პრაკრიტებისგან. ჯივა (ცოცხალი არსება) მარადიულია და მისი ინდივიდუალური ყოფიერება ყოველთვის დამოკიდებულია ვიშნუს ნებაზე. ეს თეოლოგიურ-ფილოსოფიური სწავლება ცდილობს გადაჭრას ბოროტების პრობლემა იმით, რომ სულები მარადიულნი არიან და არასოდეს არ შექმნილან (არ გააჩნიათ დასაბამი).

დვაიტა-ადვაიტა(bheda-abheda/“დუალისტურ-მონისტური“)

დვაიტა ადვაიტას ფუძემდებელი იყო XIII საუკუნის ცნობილი ვაიშნავი (ვიშნუიტი) ფილოსოფოსი - ნიმბარკა, რომელიც, სავარაუდოდ, თანამედროვე ანდჰრა-პრადეშის ტერიტორიიდან მოვიდა. მისი ფილოსოფიური სისტემის თანახმად, რეალობის სამი კატეგორია არსებობს: ბრაჰმანი (აბსოლუტი), სული და მატერია. სული და მატერია განსხვავდებიან ბრაჰმანისგან იმით, რომ მათ განსხვავებული, შეზღუდული ატრიბუტები და შესაძლებლობები აქვთ. ბრაჰმანი მარად დამოუკიდებელია, ხოლო სული და მატერია ყოველთვის დამოკიდებულნი არიან.

შუდჰა-ადვაიტა („სუფთა მონიზმი“)

შუდჰა-ადვაიტას დამაარსებელი იყო ვალაბჰა (ახ.წ. 1479-1531 წლები), რომელიც წარმოშობით ანდჰრას რეგიონიდან იყო, მაგრამ მოგვიანებით გუჯარათში დასახლდა. შუდჰა-ადვაიტაში, ისევე როგორც დვაიტა-ადვაიტაში, კრიშნა-ბჰაქტი არის მოქჰას მიღწევის ერთადერთი გზა, რომელიც შედგება კრიშნას მარადიული სამყოფელის მიღწევაში სულიერ სამყაროში - პლანეტა გოლოკა ვრინდავანა.

აჩინტია-ბჰედა-აბჰედა („შეუცნობელი ერთობა და განსხვავება“)

„აჩინტია-ბჰედა-აბჰედას“ ფილოსოფიური სისტემის ფუძემდებელმა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ (1486-1534) ჩამოაყალიბა ფილოსოფია, რომელიც რაღაც შუალედურს წარმოადგენს მონისტურ და დუალისტურ კონცეფციებს შორის. ის ამტკიცებდა, რომ ჯივა განსხვავდება კრიშნასგან და იმავდროულად მისი იდენტურია. კრიშნა ჩაიტანიამ განსაზღვრა, როგორც ღმერთის თავდაპირველი და უმაღლესი ფორმა.

ბოლოსიტყვაობა

ინდურმა ფილოსოფიამ უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო კულტურაზე.  მე -19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი, არტურ შოპენჰაუერი, უპანიშადების გავლენით, ცნობილ ევროპელ მოაზროვნეთა შორის პირველი იყო, ვინც განახორციელა ევროპული და ინდური ფილოსოფიის სინთეზირება.

დასავლეთში გაჩნდა მრავალი მიმდინარეობა, რომლებიც იყენებენ ინდური ფილოსოფიის ელემენტებს, რომლებიც შემდეგში შემოვიდნენ ნიუ-ეიჯის კულტურაში. მეოცე საუკუნეში გაჩნდნენ ასევე რეფორმატორები, რომლებმაც სათავე დაუდეს სხვადასხვა ნეოინდუისტურ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ტრადიციებს და განახორციელეს ინდური მისტიკის და ფილოსოფიურ-თეოლოგიური დოქტრინების ადაპტირება დასავლეთის ადამიანებისთვის, მათ შორის იყვნენ: ვივეკანანდა, შრი ჩინმოი, შრი აურობინდო, აიენგარი და ბჰაგვან ოშო რაჯნიში (ნეოტანტრიზმის დამფუძნებელი).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Sarvepalli Radhakrishnan; Moore, C. A. A Sourcebook in Indian Philosophy — Princeton University Press, 1967. 

2. Аникеев Н. П. О материалистических традициях в индийской философии. — 1965.

3. Бонгард-Левин Г. М., Герасимов А. В. Мудрецы и философы древней Индии. — М., 1975. — 367 с.

4. Бухарин М. Д. Индийские философы в «Индике» Мегасфена // Проблемы истории, филологии, культуры. Вып. 5. — М.—Магнитогорск, 1998. — 145—152 с.

5. Давид Зильберман. Генезис значения в философии-индуизма = The Birth of Meaning in Hindu Thought. — М.: «Эдиториал УРСС», 1998.

6. Мюллер Макс. Шесть систем индийской философии = Six Systems of Indian Philosophy; Samkhya and Yoga, Naya and Vaiseshika. — М.: Искусство, 1995.

7. Сатисчандра Чаттерджи, Дхирендрамохан Датта. Введение в индийскую философию = An Introduction to Indian Philosophy. — М.: Издательство иностранной литературы, 1955.

8. Шейнман-Топштейн С. Я. Платон и ведийская философия. — М., 1978. — 199 с.

9. Шохин В. К. К уточнению категории «средневековая философия» (на материале индийской философской традиции) // Социокультурные характеристики средневековой философии. — М., 1990.

10. Шохин В. К. Сантаяна и индийская философия // Вопросы философии. — 1992. — № 4. — С. 118—124.

11. Шохин В. К. В. С. Соловьёв, индийская философия и проблемы компаративистики // Историко-философский ежегодник, 1995. — М., 1996. — С. 106—121.

12. Шохин В. К. Древнеиндийский рационализм как предмет историко-философской науки (проблемы периодизации истории древнеиндийской мысли) // Рационалистическая традиция и современность. Индия. — М., 1988. — С. 11—45.

13. Шохин В. К. Первые философы Индии. Учебное пособие. — М., 1997. — 302 с.

14. Шохин В. К. Брахманистская философия. Начальный и раннеклассический периоды. — М., 1994.

15. Шохин В. К. Школы индийской философии. Период формирования IV в. до н. э. — II в. н. э. — М., 2004.

16. Шохин В. К. Индийская философия. Шраманский период (сер. I тысячелетия до н. э.): Учебное пособие. — СПб., 2007. — 423 с.

 

Ghvtisavar Chabrava 

Ethical-theological fundaments of Hindu philosophy

 Summary 

In my thesis there is the condsiderations of hindu philosophy from the anciant ages till today.

Hindu philosophy, which was developing permanently, represents the whole complex of theories of indian thinkers and europian hinduists. In hinduism almost every text is written in Sanskrit (old indian language which is also called ,,devanagari”).

Because of everything in hindu philosophy is connected to a comments of famous authorized religious textes, old europian researchers think that hindu philosophy is the prehistory of the philosophy, but actually it was developing simultaniuosly with western philosophy.

Hindu philosophy like the western philosophy of middle ages (scholasticism) was connected to the religious ideas. The main focus was to think about understanding the transcendence. The reason of this was that hindus belive the eternity of cyclic cosmic proceses. It follows that there was not such a thing like the philosophy of history. For Hindus Aesthetics and Pilitical philosophy are different sciences.

We can speak about three historical periods in Hindu philosophy:

1. Vedic period (1500-500 BC);

2. Classical or Brahma-Budhistic period (500 BC-1000 AD);

3. Postclassical or Hindu period (from 1000 AD to XX century).

Hindu philosophy includes six philosophical-theologocal systems (shad-darśana) – Sankhya, Yoga, Nyaya, Vaisheshika, Mimamsa and Vedanta.

Indian philosophy in general has a huge amount of influence over global culture.  19th century great german philosopher Arthur Schopenhauer was the first one in europian thinkers who, according to Vedas, made a synthesis between western and eastern philosophy.

In the western world arised a lot of philosophical schools. They were using the elements of indian philosophy then which appeared in new-age culture.